მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს და მის დადებით თვისებებზე საუბრობს.
"ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.
არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია", - წერს რატი ბრეგაძე და ღარიბაშვილის დამსახურებად მიიჩნევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ის ამბობს, რომ ღარიბაშვილი იდგა იმ "ყველა დიდი საქმის" უკან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მისი მინისტრობის დროს დაიწყო, დასრულდა და გრძელდება.
"ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში.
გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს.
მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!" - წერს რატი ბრეგაძე. ის მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან პირველია, ვინც სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილით გამოეხმაურა ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომის შესახებ.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე არის "ქართული ოცნების" წევრი, პრემიერის შეცვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ "ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა" და "სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, მან ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი, მინისტრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ.
პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი თავისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.
თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.