Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "ვოლტი" კურიერებს დისკრიმინაციულად მოექცა


საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანია "ვოლტი" განსხვავებული მოსაზრების გამო კურიერების დისკრიმინაციას ახდენდა. გადაწყვეტილება ომბუდსმენმა 30 იანვარს მიიღო.

"საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთითა", - წერია აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

"ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო", - წერია განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს "ვოლტ ჯორჯიასთან" დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

2023 წლის დასაწყისში "ვოლტის" კურიერები შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად აქციებს მართავდნენ. კურიერები მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას სწორედ ამ გარემოებას უკავშირებდნენ.

23 აგვისტოს სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა ერთ-ერთმა კურიერმა. ის ითხოვდა დადგენილიყო აპლიკაციის დაბლოკვის ფაქტი შრომის პირობებზე განსხვავებული მოსაზრების გამოხატვის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG