Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე დაპატიმრებული ლაშა შარუხია გირაოთი გაათავისუფლეს


მცხეთის რაიონული სასამართლო
მცხეთის რაიონული სასამართლო

ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი ედება მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე, მოსამართლე რეზო ნადოიმ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (2000 ლარი) შეუცვალა.

შარუხიას გათავისუფლებას სასამართლოს დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ „კონსერვატიული მოძრაობის" („ალტ-ინფოს") ლიდერები და სხვა მოქალაქეები. ბრალდებულის მხარდასაჭერად ადამიანები სასამართლოს შენობის გარეთაც იყვნენ შეკრებილი.

პროცესის შემდეგ ადვოკატმა სერგი ხურციძემ თქვა, რომ „თვე-ნახევრიანი ბრძოლა, რაც გაიმართა საზოგადოებასა და სახელმწიფო ბრალდებას შორის, დასრულდა იმით, რომ სახელმწიფოს მოუწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენც, რა თქმა უნდა, საფუძველი მივეცით მტკიცებულებების წარდგენით. შესაბამისად, მოხდა ის, რომ ეს ადამიანი დღეს არის თავისუფლებაში".

საქმის არსებითი განხილვა დაინიშნება 16 თებერვალს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ბრალდებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე.

როგორც პროკურატურამ რადიო თავისუფლებას უთხრა, შარუხიას ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2023 წლის დეკემბერში ლაშა შარუხიას დაპატიმრებას მოჰყვა ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ასახული იყო, როგორ წვავდნენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის იყვნენ დეკანოზი ბასილ ახვლედიანი და მღვდლები სპირიდონ ცქიფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ჯდება თუ არა სასულიერო პირების მოქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, „კანვას საქართველოს" დირექტორმა გიორგი მელაძემ თქვა: „მღვდლების მხრიდან საკუთარი დროშების დაწვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია". მღვდლების მოქმედების შეფასებისას, მელაძემ აქცენტი გააკეთა ეკლესიაში რუსეთს გავლენებზე.

ლაშა შარუხიას დაპატიმრების შემდეგ, თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე დააჯარიმეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით]. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას.

მანამდე, 2023 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვისთვის ზურა მახარაძე და მისი ოთხი თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. ამჯერადაც სამართალდამცველებმა იხელმძღვანელეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის თანახმად, „საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დადებითად შეაფასა. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პატრიარქმა აღნიშნა: „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა".

XS
SM
MD
LG