Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს


ბორის ნადეჟდინი
ბორის ნადეჟდინი

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე. ნადეჟდინი გადაწყვეტილებას რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბორის ნადეჟდინმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის „საკმარისი რაოდენობის ნამდვილი ხელმოწერა“ ვერ წარადგინა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის 105 ათასი ხელმოწერიდან სანდოდ ჩათვალა მხოლოდ 95 585, რის საფუძველზეც მას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

"არ ვეთანხმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. რუსეთის მასშტაბით 200 ათასზე მეტი ხელმოწერა მოვაგროვე, ღიად და სამართლიანად ვაგროვებდით, ჩვენს შტაბებთან და ხელმოწერების პუნქტებთან რიგებს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს", - განაცხადა ნადეჟდინმა.

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“. ნადეჟდინი მესამე მოწვევის დუმის დეპუტატი იყო „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“. ამ პარტიის თანათავმჯდომარე, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოსკოვში მოკლეს.

ბორის ნადეჟდინი ხელმოწერებს საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებშიც აგროვებდა.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

  • რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი 4-წლიანი ვადით.
  • პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
  • 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
  • ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი - 2018 წელს.
  • 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.

XS
SM
MD
LG