Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა "პროცედურული მხარდაჭერა" გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ


აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი. ვაშინგტონი, 6 თებერვალი, 2024.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი. ვაშინგტონი, 6 თებერვალი, 2024.

აშშ-ის სენატმა 8 თებერვალს მხარი დაუჭირა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეების დახმარებას. ხუთშაბათს დოკუმენტმა სენატში ე.წ. პროცედურული მხარდაჭერა მოიპოვა.

გუშინ კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც შეიცავდა ასიგნებებს საიმიგრაციო პოლიტიკისთვის.

ახალ კანონპროექტს ხუთშაბათს მხარი დაუჭირა 67-მა კანონმდებელმა, 32 წინააღმდეგი იყო. სანამ მას დასკვნით კენჭისყრაზე გაიტანენ, სენატის წევრები დოკუმენტში ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ეს კანონპროექტი შეიცავს უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს. 14 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია ისრაელისთვის. კიდევ 5 მილიარდი დოლარის გაგზავნაა ნავარაუდევი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში მოკავშირეებისთვის, მათ შორის ტაივანისთვის.

ეს დოკუმენტი სენატმა საბოლოოდ რომც მიიღოს, მის გარშემო გააფთრებული ბრძოლა იქნება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთგული მემარჯვენე რესპუბლიკელების ჯგუფი მტკიცედ ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში მცირე უმრავლესობას ფლობენ.

შარშან შემოდგომიდან მოყოლებული აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, შეათანხმოს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, რათა დაეხმაროს მას რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაშინგტონი კიევის მთავარ მოკავშირედ ითვლება, ამიტომ უკრაინა ძალზე არის დამოკიდებული შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერაზე.

XS
SM
MD
LG