Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს


აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი ალეხანდრო მაიორკასი
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი ალეხანდრო მაიორკასი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, მეორე მცდელობით შეძლო შიდა უსაფრთხოების მინისტრ ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მხარდაჭერა. ამ ფედერალური უწყების კომპეტენციაშია საზღვრების დაცვაც.

რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

13 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგებით, მაიორკასის გადადგომას მიემხრო წარმომადგენელთა პალატის 214 წევრი. წინააღმდეგი იყო 213. პირველი მცდელობისას, 7 თებერვალს, იმპიჩმენტის ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო გამოიყენეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.

ბაიდენის განცხადებით, კუბელი იმიგრანტი ალეხანდრო მაიორკასი, რომელიც თავის დროზე ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში ჩავიდა როგორც პოლიტიკური დევნილი, ოც წელზე მეტია ამერიკას პატიოსნად ემსახურება, სახელმწიფო სამსახურში ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და კეთილსინდისიერად იცავს კანონის უზენაესობას და ამერიკელების ფასეულობებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, თუ საზღვარზე არსებული ვითარება გულწრფელად აწუხებთ, პოლიტიკური ტრიუკების ნაცვლად მხარი დაუჭირონ კონგრესის მიერ მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფას საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თვეებია გრძელდება უთანხმოება მექსიკის ტერიტორიიდან აშშ-ში არალეგალურად ჩამსვლელი მიგრანტების საკითხზე. მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში, საზღვარი გადაკვეთა 300 ათასამდე ადამიანმა, რაც თვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. საზღვრის საკითხში უთანხმოების გამო, აშშ-ის კონგრესი ვერ ახერხებს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად აუცილებელი დაფინანსების გამოყოფას.

  • 2024 წლის 4 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის(60 მილიარდზე მეტი), ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად.
  • მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკელმა ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეთანხმება გააკრიტიკა და თანაპარტიელებს მისი უარყოფისკენ მოუწოდა, სენატში 7 თებერვალს ჩატარებული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
  • 13 თებერვალს სენატმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელის მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები.

XS
SM
MD
LG