Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთსა და საზღვარგარეთ აქციები იმართება


ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული აქცია ბელგრადში, სერბეთი. 16 თებერვალი, 2024 წელი.
ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული აქცია ბელგრადში, სერბეთი. 16 თებერვალი, 2024 წელი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები და ერთკაციანი პიკეტები იმართება. ვრცელდება ინფორმაცია პირველი დაკავებულის შესახებ.

მურმანსკში დააკავეს გოგო, რომელიც პიკეტზე გამოვიდა პლაკატით - „ალექსეი ნავალნი მოკლეს. მის სისხლში გაქვს გასვრილი ხელები, ვოვა“. ინფორმაციას „Осторожно, новости“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Astra-ს ცნობით, ხალხს ყვავილები მიაქვთ ძეგლებთან და თავშეყრის სპონტანურ კერებს ქმნიან. გამოცემა წერს, მაგალითად, ულიანოვსკისა და ნოვოსიბირსკის შესახებ. ხოლო სხვა წყაროებით, მსგავსი აქციები შეინიშნება ტომსკში, ყაზანში, იჟევსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, პერმში, ტვერში, კიროვსა და ბელგოროდში.

ყვავილები, სანთლები და ნავალნის ფოტოები გამოჩნდა სანქტ-პეტერბურგში, ტროიცკის მოედანზე და რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან, ვოსკრესენსკის სანაპიროზე.

ნავალნის ხსოვნის აღსანიშნავად, ყვავილებით ხელში, ხალხი გამოჩნდა მოსკოვშიც. ძეგლებთან მორიგეობს პოლიცია. იტყობინებიან ერთკაციანი პიკეტის მონაწილის დაკავების შესახებ.

ასევე, ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები იმართება მსოფლიოს ბევრ ქალაქში, რუსეთის მოქალაქეების ინიციატივით. აქციები ძირითადად რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებთან იმართება. ამ დრომდე უკვე 20 ქალაქზე მეტს ითვლიან, მათ შორის არის: ბერლინი, რიგა, ბელგრადი, ერევანი, თბილისი და სხვა.

„ნავალნი მკვდარია. პუტინი მკვლელია“, - წერია ბერლინში გამოფენილ პლაკატებზე.

„ჯალათებო“ - უჭირავს პლაკატი აქციის მონაწილეს ბელგრადში.

„მკვლელებო“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“ - აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან, თბილისში, სადაც ახლა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს.

აქცია თბილისში
აქცია თბილისში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ დაწერა, რომ პატიმარ შვილს 12 თებერვალს შეხვდა და ის იყო „ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე“.

XS
SM
MD
LG