Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი


ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი როუმინგის სფეროში პროგრესზე საუბრობს
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი როუმინგის სფეროში პროგრესზე საუბრობს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ.

ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა, რის მაგალითადაც დაასახელა პროგრესი როუმინგის საკითხში.

„როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში“.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, „ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში“.

ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“.

2023 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას.

ევროკომისარმა ვარჰეიმ აქვე ახსენა SEPA - ერთიანი ევრო გადახდის სისტემა (Single Euro Payment Area), - რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა გამოხატა მზაობა, რომ როგორც კი საქართველო მზად იქნება, ბრიუსელი უკვე მზადაა პროცესის ფინალიზებისათვის.

მან განაცხადა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესება, რათა გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ იქ ისაუბრმა ევროკომისარმა ვარჰეიმ როუმინგზე.

XS
SM
MD
LG