Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეაფასეს "ვისოლის", "ლუკოილისა" და "გალფის" ავტოსადგურების ქონება "ლაგუნა ვერესთან"


მერიის შეთავაზებული პირობებით ბენზინგასამართი კომპანიები კმაყოფილი არიან.
მერიის შეთავაზებული პირობებით ბენზინგასამართი კომპანიები კმაყოფილი არიან.

თბილისის საკრებულო დათანხმდა გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გადატანას. კომპანიებს თავიანთი ქონების შეფასება, ჯამში 7,2 მილიონი ლარი, სამართლიანად მიაჩნიათ.

როცა ავტომობილი გმირთა მოედნიდან სანაპიროზე მიდის, ჯერ "ლუკოილის" ბენზინგასამართი სადგური შეხვდება, შემდეგ "გალფის", ბოლოს კი "ვისოლის". მათ შორის ყველაზე დიდი ქონება "ვისოლს" ეკუთვნის, ყველაზე პატარა - შუაში მდგარ "გალფს".

თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანიების ქონება სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა. ფასი "კაპიტალიზაციის მეთოდით" გამოთვალეს - ამ დროს მიწის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა შემოსავალს იღებს კომპანია იმ ადგილიდან. ექსპერტიზა ჩაატარეს 8 წლის სტაჟის მქონე ანა თევდორაშვილმა და მასზე ერთი წლით გამოცდილმა ანი მარგველაშვილმა.

შესაბამისად, ექსპერტებმა, პირველ რიგში, გაარკვიეს, მთელი წლის განმავლობაში რა მოცულობის საწვავს ყიდდნენ კომპანიები და რა იყო მათი შემოსავალი. ყველაზე მეტი შემოსავალი "ლუკოილს" აქვს მიღებული, რომელიც აბრეშუმის ქარხნიდან სანაპიროზე მიმავალ მძღოლს ამ სამი ბენზინგასამართიდან პირველი ხვდება.

ექსპერტები დაეყრდნენ კომპანიების მიწოდებულ ინფორმაციას და დამოუკიდებელი გზებით შემოსავლების გადამოწმება არ უცდიათ - ყოველ შემთხვევაში, ეს არ ჩანს თბილისის საკრებულოსთვის გაგზავნილ დოკუმენტებში.

ამ მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, დღეში “ვისოლში” 10 055 ლიტრი საწვავი ისხმება, “გალფში” 11 355 ლიტრი, “ლუკოილში” კი ყველაზე მეტი - 11 748 ლიტრი.

“ლაგუნა ვერეს” მახლობლად ქონების შეფასების დროს ექსპერტებს არ უხელმძღვანელიათ “საბაზრო ღირებულების დადგენის წესით” - ანუ რა იყო იმ ადგილზე 1 კვ.მ მიწის ფასი. კაპიტალიზაციის წესით დათვლის გამო, რაც ქონების სამომავლო შემოსავლის გათვლას ემყარება, ყველაზე იაფად შეფასდა ყველაზე დიდი მიწის მფლობელი "ვისოლის" ქონება, ყველაზე ძვირად კი - "გალფის".

ქონების საბოლოო ფასის დადგენის ფორმულა ასეთია: კომპანიის წმინდა შემოსავალი უნდა გაიყოს “კაპიტალიზაციის კოეფიციენტზე”, რაც სამივე კომპანიის შემთხვევაში ერთი და იგივე რიცხვი - 0,11 იყო.

ექსპერტებმა კაპიტალიზაციის წესით ჯამში 1035 კვადრატული მეტრი მიწა მასზე განთავსებული 148 კვადრატული მეტრი ნაგებობებით 7,2 მილიონ ლარად შეაფასეს. საშუალოდ, 1 კვ.მ მიწის ფასი 7 ათას ლარამდე გამოდის - “გალფის” შემთხვევაში უფრო მეტი, “ვისოლის” შემთხვევაში - უფრო ნაკლები.

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ კომპანიებთან მოლაპარაკებებით შეირჩა მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწები, რომელშიც "ვისოლს", "გალფსა" და "ლუკოილს" გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქონებას გადაუცვლიან - ფასთა შორის სხვაობა კი დაიფარება.

შეთანხმების შედეგები ასეთია:

“გალფს” სთავაზობენ მიწის ნაკვეთს დიღმიდან "გლდანის ხიდებისკენ" მიმავლ გზაზე, ამერიკის საელჩოს წინ.

"გალფისთვის" შეთავაზებული მიწა
"გალფისთვის" შეთავაზებული მიწა

იმავე ფასად, იმავე გზაზე, კიდევ უფრო ახლოს "გლდანის ხიდებთან" მიწა გადაეცემა “ლუკოილს”.

"ლუკოილისთვის" შეთავაზებული მიწა
"ლუკოილისთვის" შეთავაზებული მიწა

"ლისის ტბასთან" "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გვერდით კი, “ვისოლ ჯგუფი” კერძო სახლების ასაშენებლად მიიღებს მიწას.

"ლუკოილისთვის" შეთავაზებული მიწა
"ლუკოილისთვის" შეთავაზებული მიწა

საბაზრო ღირებულებით შეაფასეს “ვისოლისთვის”, “გალფისა” და “ლუკოილისთვის” შერჩეული მიწები ექსპერტებმა: “გლდანის ხიდებთან” 1 კვადრატული მეტრი მიწა 931 ლარად, ლისის ტბასთან კი 239 ლარად.

შეთანხმების მიხედვით:

  • "ლაგუნასთან" 234 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ “გალფი” მიიღებს 2402 კვადრატულ მეტრ მიწას. ამ შეთანხმებით მერია კომპანიას დაახლოებით 226 ათას ლარს დაუბრუნებს;
  • 2023 კვადრატულ მეტრ სამკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთს მიიღებს “ლუკოილი”. შეთანხმების მიხედვით, მას მერია 664 ათას ლარს დაუბრუნებს;
  • რაც შეეხება “ვისოლს”, 13 467 კვადრატული მეტრი მიწის მისაღებად მერიას მილიონ ლარამდე თანხას გადაუხდის.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გმირთა მოედანზე გზის გაგანიერება რამდენიმემილიონიანი ქონება უჯდება. კომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებას პირდაპირი ფინანსური ხარჯი არ ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG