Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 20 თებერვალი, 2024.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 20 თებერვალი, 2024.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ეს კომენტარი მან გააკეთა იმ ცნობის ფონზე, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლოა, განიხილავდეს საკუთარი ჯარების გაგზავნას ქვეყანაში, რომელიც მესამე წელია, იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს წევრები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. „ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გავზარდეთ ძალისხმევა. მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

პარიზში გამგზავრების წინ, სადაც ორშაბათს ევროპის 20-მდე ლიდერი, ასევე აშშ-ისა და კანადის წარმომადგენლები მსჯელობდნენ კიევის დახმარების გაზრდაზე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ განაცხადა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო სწავლობს, რამდენად მიზანშეწონილია უკრაინაში საკუთარი კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების დადება.

ფიცომ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა არ გეგმავს ასეთი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ სლოვაკეთის პრემიერს არ დაუსახელებია დეტალები იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყნები შეიძლება განიხილავდნენ შესაბამის შეთანხმებებს ან რა ამოცანები შეიძლება შეასრულონ მათმა ჯარებმა უკრაინაში.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პარიზში გამგზავრების წინ უარი თქვა კომენტარებზე და განაცხადა, რომ ლიდერები ხვდებიან, რათა განიხილონ შესაძლო ვარიანტები. ამასთან, ფიალამ აღნიშნა, რომ „ჩეხეთი ნამდვილად არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ თავისი ჯარები გაგზავნოს უკრაინაში“.

XS
SM
MD
LG