Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფორმალობა ფორმალობათა, ყველაფერი ფორმალობაა


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

ერთი წლის წინ გავაცნობიერე, რომ ქალთა უფლებებისთვის საბრძოლველად, პატრიარქალური სისტემის დასანგრევად (ძალიან ამბიციურად ჟღერს, ვიცი) და იმისთვის, რომ ჩემი იდეები სხვების მხარდასაჭერად სწორად მივმართო, ადეკვატური განათლება მჭირდება. დავიწყე სტიპენდიების შესახებ ინფორმაციების მოძიება და საბოლოოდ არჩევანი ,,ჩივნინგის“ სტიპენდიაზე (Chevening Scholarship) შევაჩერე. ვისაც არ გაგიგიათ, გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად აფინანსებს. როგორც ,,ჩივნინგის“ ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია და უნარი, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. მე, როგორც ჰოლივუდის ფილმებზე გაზრდილ ადამიანს, ცხადია, დღემდე მაქვს იმედი, რომ სწორედ მე ვარ ფილმის ის გმირი, რომელზეც მსოფლიოს განადგურება-არგანადგურების ბედია დამოკიდებული. ნუ, მინიმუმ იმის ნამდვილად მჯერა, რომ ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას მთელ ჩემს ინტელექტუალურ რესურსსა და ენერგიას სიამოვნებით მოვახმარ. შესაბამისად, სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ამ სტიპენდიას ვიმსახურებ და თან, ძალიან მჭირდება, SHEVUDEQI SAQMES.

იყო და არა იყო რა. არა, ასე ვერ დავიწყებ, რადგან ჩემი ამბავი არ არის ზღაპარი, რომლის მთავარი გმირი გველეშაპს თავებს მოაჭრის და მისთვის სანუკვარ წყალს ხელში ჩაიგდებს. ან, პრინციპში, რატომაც არა?! ეს ხომ არის ამბავი იმაზე, რომ ადამიანს განათლების მისაღებად გველეშაპებთან ბრძოლა, დევების დამარცხება, ბოროტი ჯადოქრების მოტყუება და აჰ, რაც მთავარია, იმის არგუმენტირებულად დასაბუთება უწევს, თუ რატომ არის ლიდერი, რაში გამოიხატება მისი გენიალურობა და რატომ სჭირდება ის დიდ და ასევე გენიალურ ბრიტანეთს?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე აბზაცით უნდა დაასაბუთო, რატომ არის ბრიტანეთში სწავლა შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ თან, ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია შენი იქ ყოფნა თავად ბრიტანეთისთვის. ანუ, უნდა დაამტკიცო, რომ იმდენად დიდი ადამიანი ხარ, ბრიტანეთს რაღაც ღირებულს შესძენ, მაგრამ არც იმდენად დიდი ხარ, რომ მათ გარეშე რამე განსაკუთრებულს მიაღწიო. ამას გარდა, წინასწარ უნდა ჩამოურაკრაკო 500 სიტყვიანი გეგმა იმის შესახებ, ზუსტად როგორ და რა ხერხებით აპირებ სამყაროს შეცვლას, მაგრამ მანამდე უნდა ისაუბრო იმაზე, როგორ გჭირდება მათთან მიღებული განათლება იმისთვის, რომ სამყაროს შეცვლის უნარ-ჩვევები გამოიმუშაო. ესე იგი, ეს უნარ-ჩვევები ჯერ არ გაქვს, ამისთვის შესაბამისი განათლება გჭირდება, მაგრამ თან, უკვე იცი, როგორ და რა გზებით აპირებ სამყაროს შეცვლას. ასევე, საერთოდ არ განიხილება ის დაშვება, რომ ღირებული საქმეების კეთება ინტროვერტ ადამიანებსაც შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ოთხიდან ერთ-ერთი ესე უნდა დაწერო იმაზე, თუ როგორ შეგიძლია უამრავ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება, როგორ გაბედნიერებს მათთან ურთიერთობა და რომ შენი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო აუცილებლად ,,ნეთვორქინგია“. გველეშაპებზე თავის მოჭრა უკვე სასაცილოდ მეჩვენება. თუ ვინმეს წყალი დაგჭირდეთ, შეგიძლიათ მთხოვოთ. მარტივად მოგიტანთ.

როცა საკუთარ თავზე ჯამში ორი ათას სიტყვას დაწერ, შემდეგ რეკომენდაციების დრო დგება. გთხოვენ, დაასახელო ორი ადამიანი (ლექტორი ან/და დამსაქმებელი), რომელიც ახსნის, რატომ ხარ ამ სტიპენდიის ღირსი. მერე რა, რომ ყველას უამრავი საქმე აქვს და არავის სცხელა შენთვის, შენ მაინც უნდა მოაბილიზო შენი ლიდერული და ,,ნეთვორქინგული“ უნარები და ორი ადამიანი დაიყოლიო იმაზე, რომ გაქონ და გადიდონ. ვრეკავ. ,,გამარჯობა, ქალბატონო გ. მე ინგა ვარ, თქვენი ყოფილი სტუდენტი. იცით, ინგლისში მინდა სწავლა და შეგიძლიათ დამიწეროთ, როგორი გამორჩეული, ყოვლად განსხვავებული და ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი ვარ, რომელზეც სამყაროს ბედ-იღბალია დამოკიდებული?“. პაუზა. ,,რომელი ინგა?“. რას ვიზამთ, ყველას არ აქვს გენიალური ადამიანების დამახსოვრების უნარი. ცხადია, მაინც გთანხმდება, ოღონდ ერთი პირობით: ტექსტი უნდა გაუმზადო და ის ხელს მოაწერს. ჩემი აზრით, ერთხელ მაინც ყველამ უნდა გაიაროთ ეს პროცესი, რადგან ჯერ საკუთარ თავში ლიდერი და სუპერ გმირი ეძიოთ და ჰპოვოთ, მერე კი სხვისი თვალით შეხედოთ საკუთარ პიროვნებას და წარმოიდგინოთ, რას დაწერდა ის თქვენზე. ფსიქოლოგიურ თერაპიას ჰგავს, საკუთარი სხეულიდან გასვლას რომ გთხოვენ. DZAAN GAASWORA.

ყველაფერი ამით არ მთავრდება. პარალელურად უნივერსიტეტებთან უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი. იცით, რამდენი დრო და ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს? ძალიან ბევრი. და იცით, დღეს ამდენი დრო და ენერგია ვის აქვს? მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანს. და იცით, რომ აპლიკაციის შესავსებად უნივერსიტეტებში 95 ევრომდე (LSE-ის კურსით) უნდა გადაიხადოთ, რომელსაც სტიპენდია არ ანაზღაურებს? და იცით, დამატებით კიდევ ინგლისური ენის სერტიფიკატი რომ გჭირდებათ, რომელიც 680 ლარი ღირს?

მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის გამო მე მქონდა იმის ფუფუნება, 24 საათი არ მემუშავა და დიდი დრო დამეთმო ამ აპლიკაციებისთვის ისე, რომ თან ყველა საჭირო ხარჯი დამეფარა. იქნებ, ამ შრომის შედეგად ან ახლა, ან მომავალ წელს შევძლო და მართლაც წავიდე ბრიტანეთში სასწავლებლად. მერე რომელიმე არხზეც მიმიწვევენ და მოვყვები, როგორ დამოუკიდებლად მივაღწიე ყველაფერს. და ნამდვილად ჩემი დამსახურება იქნება ამ აპლიკაციების კარგად შევსება, მაგრამ ის, რომ სახლში უმცროსი და ჩემი გასაზრდელი არ არის, ის, რომ 300 ლარის გამო 12 საათი ფეხზე დგომა არ მიწევს, ის, რომ ჩემი ოჯახი პირად სივრცეს მიტოვებს, სიმშვიდეში რომ შევძლო ფიქრი და წერა, ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად აღარ არის. ამას, მეგობრებო, პრივილეგია ეწოდება.

განათლების მიღება პრივილეგია არ უნდა იყოს.

უი, ფორმალობა არ დამავიწყდეს.

პატივისცემით,

ინგა ღოღობერიძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG