Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განიხილავს სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს


საილუსტრაციო ფოტო. გერმანიის ბუნდესვერის წვრთნების მონაწილე სამხედრო ისვრის ტანკიდან Leopard 2.
საილუსტრაციო ფოტო. გერმანიის ბუნდესვერის წვრთნების მონაწილე სამხედრო ისვრის ტანკიდან Leopard 2.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პასუხად ევროკავშირში განიხილავენ სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს ევროკომისია წარმოადგენს ინიციატივას ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სტიმულირების შესახებ.

ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააცნობს წინადადებებს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიებისგან მეტი იარაღის ერთობლივად შეძენის და ამ კომპანიების საწარმოო სიმძლავრეთა გაზრდის ხელშეწყობის შესახებ.

ბრეტონის განცხადებით, საჭიროა პარადიგმის შეცვლა და ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადასვლა. ევროკომისრის თანახმად, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით სამხედრო მრეწველობა დიდ რისკზე უნდა წავიდეს.

ევროკომისარი ბრეტონი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობა და ის გარემოება, რომ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ნატოსადმი ვალდებულებები, ნიშნავს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ევროკომისიის წინადადებები ითვალისწინებს ამერიკული სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, როცა შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს ეხმარება ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული იარაღის შეძენაში. გარდა ამისა, კრიზისის შემთხვევაში, ევროპული კომპანიები ვალდებული იქნებიან პრიორიტეტი მიანიჭონ ევროპის სახელმწიფოთა დაკვეთებს.

ევროკომისიის წინადადებების რეალიზაციას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამ ევროკავშირის არაერთი სახელმწიფო აიძულა თავდაცვის ხარჯები გაეზარდა, თუმცა ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეროვნულ დონეზე გაწეული ძალისხმევა ნაკლებად ეფექტიანია და უნდა გაიზარდოს სამხედრო მრეწველობის პოლიტიკაში ევროკავშირის ორგანოთა როლი.

XS
SM
MD
LG