რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფსბ-ს ოფიცრები გასაჩხრეკად მივიდნენ ყირიმელ თათრებთან. საერთო ჯამში მათ 10 სახლი გაჩხრიკეს, იუწყება Krym.Realii.
ბახჩისარაიში ჩხრეკა ჩაუტარდათ „ყირიმის სოლიდარობის“ მოძრაობის აქტივისტებს, ხოლო ჯანკოის რაიონში - რელიგიურ მოღვაწეებს.
ჩხრეკის შემდეგ ფსბ-მ მინიმუმ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის ყოფილი იმამი რემზი კურტნეზიროვი. ის მეორე ჯგუფის ინვალიდია. კურტნეზიროვისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ ოპერატიული თანამშრომლები სახლში წიგნებს ათვალიერებდნენ, ისინი აკრძალულ ლიტერატურას ეძებდნენ.
ყირიმელი თათარი აქტივისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს გავრცელდა 29 თებერვალს.
2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ნახევარკუნძულზე დაიწყო ყირიმელი თათრების მასობრივი დევნა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ხშირად აღიძვრება ტერორიზმის მუხლებით და ამის საფუძველი ხდება ხოლმე ჩხრეკისას აღმოჩენილი რელიგიური ლიტერატურა.
ამ დროისთვის დაკავებულია და ხანგრძლივ პატიმრობაში იმყოფება რამდენიმე ასეული ადამიანი. მათი უმრავლესობა პოლიტპატიმრებად არის აღიარებული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. თავად ყირიმელი თათრები თვლიან, რომ მათ დევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან ნახევარკუნძულის ანექსიას.