Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისისთვის უკრაინა პარტნიორებისგან დაპირებული 45-დან მხოლოდ ექვს F-16-ს მიიღებს


F-16 რუმინეთის სამხედრო ბაზა ფეტეშტიზე. უკრაინა დაპირებული 45-ის ნაცვლად მხოლოდ ექვს ერთეულს მიიღებს.
F-16 რუმინეთის სამხედრო ბაზა ფეტეშტიზე. უკრაინა დაპირებული 45-ის ნაცვლად მხოლოდ ექვს ერთეულს მიიღებს.

უკრაინას შეუძლია დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული F-16 ტიპის 45 ავიაგამანადგურებლის ნაცვლად მხოლოდ ექვსი მიიღოს ივლისში, იტყობინება The New York Times-ი.

შეფერხების მთავარი მიზეზია რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა ფეტეშტიზე მფრინავების მომზადების საქმეში არსებული პრობლემები. მართალია, მომზადება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ, ის მაინც უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას უკრაინა და დასავლელი პარტნიორები მოელოდნენ, რადგან მფრინავებმა უნდა ისწავლონ ინგლისური ენა და დასავლური სამხედრო პრაქტიკა, რათა ეფექტიანად მოიხმარონ F-16-ები, - წერს გაზეთი.

თებერვლის შუა რიცხვებში ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ F-16-ის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი („იქნება 24, შესაძლოა - მეტიც“), ვიდრე ეს მოსალოდნელია.

2023 წელს დანიამ და ნიდერლანდმა გადაწყვიტეს, უკრაინას გადასცენ 60-მდე F-16. მათ სამართავად უკრაინელ პილოტებს ამზადებენ ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

ასევე თებერვალში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ახლა იმის თქმა, თუ როდის შეძლებს უკრაინა F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ F-16-ები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ კიევს, მაგრამ თქვა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუკი მფრინავები კარგად გაწვრთნილები იქნებიან.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

  • მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG