Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ "ახალი" პარტია შექმნეს


ნიკა გვარამია (მარცხნივ) და ნიკა მელია
ნიკა გვარამია (მარცხნივ) და ნიკა მელია

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა "ახალი" პარტია შექმნეს. პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო "შერატონში" ისაუბრეს.

"ჩვენი პარტია არის "ახალი". ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ვიცით ბრძოლა; ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას; ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას; ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიას თანახმად, მათ შორის მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნიკა მელია (მარცხნივ) და ნიკა გვარამია
ნიკა მელია (მარცხნივ) და ნიკა გვარამია

"ახლის" წევრები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, ამავე პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი იმედაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და ა.შ.

მათი საარჩევნო ნომერი იქნება 4. გასულ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ნომერი 4 ეკუთვნოდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" - პარტიას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით შექმნილი კოალიციით მოხვდა 2020 წლის არჩევნებით პარლამენტში.

  • ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - 2023 წლის 7 დეკემბერს - დატოვა. მაშინ მან თქვა, რომ აპირებდა პოლიტიკური პარტიის შექმნას.
  • ნიკა გვარამიამ კი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებების შესახებ გასული წლის 28 დეკემბერს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა და თქვა, რომ გაერთიანება "ახალ ადამიანებზე" იქნება დაფუძნებული. სწორედ ამ მიზეზით მან "მთავარ არხში" გენერალური დირექტორის თანამდებობა და წილები დათმო.

XS
SM
MD
LG