Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა მიხეილ ხუბუტიას ცოლისგან მოითხოვს ბარვიხაში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას


მიხეილ ხუბუტია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.
მიხეილ ხუბუტია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.

რუსეთის გენერალური პროკურატურა სოფელ ბარვიხასა და სოფელ ჟუკოვკაში 13 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას ითხოვს ექვსი კერძო პირისგან, რომელთა შორის არის პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ცოლიც. როგორც სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს, საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ სანატორიუმ "ბარვიხას" კუთვნილი, დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება და გასხვისება 2000-იანი წლების დასაწყისში უკანონოდ მოხდა.

პროკურატურის სარჩელზე მოპასუხე რუსეთის ექვსი მოქალაქეა, მათ შორის არის რუსეთში სამამულო იარაღის ბიზნესის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ხუბუტიას ცოლი ეკატერინა ჯანაშია. რუსული მედიის თანახმად, თავად მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც საქმეში მესამე პირად ითვლება, უკანონობა უწოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ბარვიხაში მდებარე, მისი მეუღლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზება ხდება „რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ შემუშავებული დეველოპერული პროექტის რეალიზების გამო“.

საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, დაბადებული მიხეილ ხუბუტია რუსეთში ცხოვრობს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, დღეს კი ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის მოსკოვის უდიდესი საგამოფენო კომპლექსის მმართველ სავაჭრო სახლს და იარაღის მაღაზიათა ქსელს, „კოლჩუგას.“ ხუბუტია, რომელიც "რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელიცაა, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირი და მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრია. დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“

2018 წლის მაისში, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია მიხეილ ხუბუტიას სტუმრობამ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, რომელსაც, როგორც კურსდამთავრებულმა მიულოცა 150 წლის იუბილე და მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში რამდენიმე ადგილას ვლადიმირ პუტინი მიახატეს.

XS
SM
MD
LG