Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო - „უკრენერგო“


რუსეთის მასირებული შეტევით გამოწვეული ხანძარი „დნეპროჰესზე“. 2024 წლის 22 მარტი
რუსეთის მასირებული შეტევით გამოწვეული ხანძარი „დნეპროჰესზე“. 2024 წლის 22 მარტი

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის ენერგოსისტემის დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს.

ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქების დიდ ნაწილს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა.

კომპანიის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა.

კუდრიცკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში „კომბინირებული საშუალებებით“ შეუტია თბოელექტროსადგურებს, ჰესებს და მაგისტრალურ ქვესადგურებს. „უკრენერგოს“ ხელმძღვანელის თანახმად, ყველაზე დიდი ზიანი ხარკოვს მიადგა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაპოროჟიეში მდებარე უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“. ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“ რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში.

კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.

2023 წლის ივნისში დაინგრა უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის თანახმად, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.

XS
SM
MD
LG