Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას


"კროკუს სისტი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად შენობის სახურავს მძლავრი ხანძარი გაუჩნდა
"კროკუს სისტი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად შენობის სახურავს მძლავრი ხანძარი გაუჩნდა

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ.

არხი 112, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა.

რუსეთის ტელეარხ "როსია 24"-ის ცნობით, დაღუპულია 45 ადამიანი.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, თავისი ტელეგრამის არხით უკვე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

ტელეგრამის არხების ცნობით, თავდასხმა მოაწყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ხუთმა პირმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და „კროკუს სიტი ჰოლის" სახურავის დიდი ნაწილი ჩაინგრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეული. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია.

თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კროკუს სისტი ჰოლზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას "სისხლიანი ტერაქტი" უწოდა.

აშშ-ის ადმინისტრაციამ მწუხარება გამოთქვა „კროკუსის სიტი ჰოლში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. "ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსკოვიდან მოსული მესიჯები და ვიდეოები... ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ფიქრები, ცხადია, ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულებთანაა“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

22 მარტს, მოსკოვის დროით 18 საათზე, „კროკუს სიტი ჰოლში“ კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა ხუთმა პირმა იმ დროს გახსნა ცეცხლი, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.

XS
SM
MD
LG