Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში: "მადლობა ყველას, ვინც გლოვობს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებს"


რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობა. თბილისი
რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობა. თბილისი

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება მადლობას უხდის ყველას, „ვის გულებში გამოხმაურება პოვა ამ ტრაგედიამ (ტერორისტული თავდასხმა „კროკუს სიტი ჰოლში“)", - იუწყება ინტერნეტსააგენტო SOVA.

„თბილისის არაგულგრილი მაცხოვრებლები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების განყოფილებასთან „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გლოვის ნიშნად. მადლობას ვუხდით ყველას, ვის გულებშიც ამ ტრაგედიამ გამოხმაურება პოვა. 24 მარტს რუსეთში დაღუპულთა გამო საერთოეროვნული გლოვაა გამოცხადებული“, - ნათქვამია თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებაში.

„ჩვენი თანამემამულეები“, რომლებიც უწყებამ ახსენა განცხადებაში, ძირითადად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. სწორედ მათ მოაწყვეს სპონტანური მემორიალი "რუსეთის საელჩოსთან" 16 თებერვალს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების დღეს.

„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპონტანური მემორიალი თბილისის ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობის გალავანთან, 23 მარტს გაჩნდა.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი და დაჭრილია ასზე მეტი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG