Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღევანდელი შეტევისას რუსეთმა 99 რაკეტა და დრონი გამოიყენა


საილუსტრაციო ფოტო, მეხანძრე ხარკოვში აქრობს რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეულ ხანძარს.
საილუსტრაციო ფოტო, მეხანძრე ხარკოვში აქრობს რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეულ ხანძარს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 60 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა. ეს მონაცემები სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ რუსეთის კურსკის, რიაზანის, ბელგოროდის და სარატოვის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ძლიერი სარაკეტო-საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ სექტორზე.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, ძირითადად გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. ასევე - 3 აერობალისტიკური „კინჟალი“ და 2 ბალისტიკური „ისკანდერ მ“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 26 რუსული რაკეტა და 58 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის შეტევას ბარბაროსობა უწოდა. შმიჰალის ინფორმაციით, ენერგოობიექტები დაზიანებულია დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასის და ჩერნოვიცის ოლქებში. ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებისგან სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა, რათა მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას.

უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა იყო 22 მარტსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG