Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლებს, რომლებმაც ტაქსის ნებართვა "ბასლაინებში"​ სასიარულოდ აიღეს, ლიცენზიას შეუჩერებენ


თბილისში „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის საავტობუსო ზოლში გადაადგილება შეუძლია, თუ ავტომობილი 2013 წლის შემდეგ არის გამოშვებული
თბილისში „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის საავტობუსო ზოლში გადაადგილება შეუძლია, თუ ავტომობილი 2013 წლის შემდეგ არის გამოშვებული

მძღოლებს, რომლებმაც თბილისში ტაქსად მუშაობის ნებართვა არა მგზავრთა გადასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის აიღეს, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინ, 29 მარტს მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამაც.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფლება მისცა BusLane-ებში იმოძრაონ, გაჩნდა ეჭვები, რომ მძღოლთა ნაწილმა, რომლებსაც საცობებში დგომა არ უნდათ, ეს ლიცენზია პირადი კომფორტისთვის აიღეს და მგზავრებს არ ემსახურებიან.

„ცვლილებების მიზანია „A კატეგორიის“ ტაქსების გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული შეღავათით მხოლოდ იმ მძღოლებმა ისარგებლონ, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ“, - უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.

ახალი დადგენილების მიღების შემდეგ თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, გადაამოწმონ ყველა მძღოლი, რომელიც BusLane-ში მოძრაობს, ტაქსის ლიცენზიის ქონასთან ერთად, მართლაც გადაჰყავს თუ არა მგზავრები.

როგორ დაადგენს პოლიცია ან თბილისის მერიის თანამშრომელი, რომ ტაქსის ლიცენზიას მძღოლი პირადი მიზნებისთვის იყენებს, უცნობია. ეს კითხვა დაისვა თბილისის საკრებულოს სხდომაზეც, თუმცა მერიის თანამშრომელმა ამ საკითხს ვერ უპასუხა.

დამატებით, თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს რომ მძღოლს ტაქსის ლიცენზიის გამოყენება შეეძლება სხვა ავტომობილზე.

თბილისში ტაქსის მომსახურების გასაწევად აუცილებელია მძღოლმა აიღოს A ან B კატეგორიის ლიცენზიიდან ერთ-ერთი. 2013 წლის 1 ივნისიდან „A კატეგორიის“ ტაქსებს, რომლებიც თეთრი ფერის ავტომობილებია, ავტობუსის ზოლებში მოძრაობა შეუძლიათ. ამ კატეგორიის ლიცენზიების გაცემა თბილისის მერიამ 2023 წელს შეწყვიტა, თუმცა მძღოლს მისი გაყიდვა ნებისმიერ თანხად შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG