Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჭია ბერნი


ავტორი: ვალერი ბუკია

პირველად ევროპის ჩემპიონატს 1988 წლის ივნისში ვუყურე, შვიდი წლის ვიყავი, გახსნის პირველ თამაშს უყურებდა მამაჩემი, მასპინძელი გერმანია ხვდებოდა იტალიას, მამაჩემმა გვიანია და დაწექიო, მე ჯიუტად უარი განვაცხადე და დამტოვა, ვუყურეთ ერთად, კი მეძინებოდა მაგრამ ბოლომდე ვუყურე, თან წინა დღეებში ჩემმა დამ ჩემპიონატის კედლის კალენდარი მიყიდა, ლამაზად გაფორმებული, შუაში მასკოტით, ბაჭია იყო ჩემპიონატის თილისმა, თვალს გვიპაჭუნებდა, ბურთი ქონდა იღლიაში ამოჩრილი 80-იანი წლების სტილის სპორტულ ტანსაცმელში გამოპრანჭულ კურდღელს. ის ჩემპიონატი ჰოლანდიელებმა მოიგეს, სსრკ დაამარცხეს ფინალში, რუდ გულიტი შემიყვარდა, ნარინჯისფერი ჰოლანდიელების ეროვნებით სურინამელი გრძელთმიანი, ულვაშა ათიანი, მერე სულ ამ ფეხბურთელს ვხატავდი ხატვის გაკვეთილებზე, ზემოთ აჩეჩილი თმებით, თავგანწირვით რომ გარბოდა ზემოთ ეწეწებოდა სასაცილოდ თმა, ხშირად ბეჭდავდნენ ეგეთ ფოტოებს საბჭოთა გაზეთები ლელო და სავეტსკი სპორტი.

ამის მერე არ გამომიტოვებია არც ერთი ევროპის ჩემპიონატი, ვყიდულობდი კალენდრებს, იყო ცუდი შუალედიც, ვერც იშოვიდი კალენდარს და თუ იშოვიდი საყიდელი ფულის თხოვნა მოგერიდებოდა გაღარიბებული მშობლებისთვის. მე ვაკეთებდი კალენდრებს ფურცელზე, ვხაზავდი უჯრებს, ჩამოვწერდი მონაწილე გუნდებს, შენახული მაქვს სოფელში, ყოველი ჩასვლისას ვფურცლავ და ბავშვობას ვიხსენებ.

მახსოვს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კოკა კოლამ გამოაცხადა გათამაშება, ვინც თავსახურების ქვეშ მოთავდებულ ასოებს იპოვიდა და შეადგენდა სიტყვას: ევრო 96, ჩემპიონატის საგზურს იგებდა, მახსოვს ჭორი დადიოდა რ ასო იყო ათი ცალი სულ და ის ათი ბედნიერი გაემგზავრებოდა ჩემპიონატზე, ინგლისში. საქართველოში კი ისეთი დრო დადგა 90-იანებში კოკა კოლას ყიდვაც კი ფუფუნება იყო.

ჩვენი ნაკრების გასვლაზე ოცნებები ცალკე ისტორიაა, მეტად დრამატული. შესარჩევებში ძლიერ გუნდებთან ვხვდებოდით და ოცნება უიმედობით იცვლებოდა, მახსოვს როგორ მიხაროდა ნორვეგიასთან და სლოვენიასთან რომ მოვხვდით ჯგუფში და სუსტი ჯგუფი გვეგონა ყველას, ამ ჯგუფშიც ჩავრჩით, მერე სიმართლე გითხრათ არც მიოცნებია გასვლაზე.

ხო და ასეთ ქვეყნის ნაკრები წელს გადის ევროპის ჩემპიონატზე, გვყავს ხვიჩა, იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, მამარდაშვილი - ვალენსიას მხსნელი, კოკა კოლას ყიდვა უკვე ფუფუნება აღარაა, კალენდრის ყიდვის საშუალებასაც კი ვაძლევთ უკვე თავს, ის კი არა ქართველების უმეტესობა ბილეთებზე „დაჩალიჩდა“, ყველას გერმანიაში გვინდა..........

გაუმარჯოს საქართველოს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG