Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ამბობს, რომ ყოფილი ელჩი „გლობალური ომის პარტიის ინტერესებს წარმოადგენდა“


მამუკა მდინარაძე, სავარაუდოდ, კელი დეგნანს „გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარს“ უწოდებს.
მამუკა მდინარაძე, სავარაუდოდ, კელი დეგნანს „გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარს“ უწოდებს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ აცხადებს, რომ ამავე კანონის წინააღმდეგ „ისტერიულ კამპანიას“ შარშან სათავეში ჩაუდგა „ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი“, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, - კანონისა, რომლის მიღებამაც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის არმიღების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების, - გამოიყენა ტერმინი „მდიდარი ენჯეოები“, - „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

შემდეგ განაცხადა, რომ კანონის წინააღმდეგ „ისტერიული კამპანია“ დაიწყო, და „ყველაზე შემაშფოთებელია“, რომ „ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა“.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე თქვა, რომ „ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა“.

მამუკა მდინარაძეს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობდა.

სავარაუდოდ, იგი საუბრობდა კელი დეგნანზე, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე მესამე წელია, იმეორებენ შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ. ამ თეორიის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანია, საქართველო ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და სხვა არაერთ ადამიანსა და ორგანიზაციას.
„ქართული ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ, დააკონკრეტონ, ვის გულისხმობენ „გლობალური ომის პარტიაში“.

მამუკა მდინარაძემ ახალი ელჩიც ახსენა, კვლავ სახელის გარეშე, და თქვა: „გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს“.

„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG