Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქეოლოგის კვლევებზე არდაშვება ომბუდსმენმა დისკრიმინაციად მიიჩნია


გიორგი ბიძინაშვილი, არქეოლოგი
გიორგი ბიძინაშვილი, არქეოლოგი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დისკრიმინაციულად ექცეოდა ეროვნული მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილს, რომელსაც ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევდა. ომბუდსმენი სააგენტოს მოუწოდებს, აღმოფხვრას დისკრიმინაცია და გასცეს ნებართვა.

„ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს არ ეთანხმება, ხოლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია უსაგნოა, ვინაიდან მრავალი თვეა, რაც ის ისედაც სრულდება“, - აცხადებს დასკვნის საპასუხოდ ეროვნული მუზეუმი.

გიორგი ბიძინაშვილი ერთადერთი არქეოლოგი არ ყოფილა, ვისაც ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობის ნებართვას არ აძლევდა.

გიორგი ბიძინაშვილი 2022 წლის გაზაფხულზე სხვა ათობით კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან იქ მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზით - თავად მეცნიერები მაშინ სამინისტროს დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებდნენ და სამსახურიდან გაშვების ბრძანებები სასამართლოში გაასაჩივრეს. სწორედ ნიკა ვანიშვილმა, გიორგი ბიძინაშვილმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა წარუდგინეს საზოგადოებას 2022 წლის 8 სექტემბერს ოროზმანის აღმოჩენა.

„უხეშად რომ ვთქვათ, ვიპოვეთ დმანისელი ზეზვას და მზიას ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი“, - თქვა 1,8 მილიონი წლის წინანდელი არტეფაქტის აღმოჩენის შესახებ გიორგი ბიძინაშვილი მაშინ.

სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია მეორედ დაადგინა ეროვნული მუზეუმის სისტემიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული მეცნიერების შემთხვევაში. ომბუდსმენის აპარატმა დისკრიმინაციად მიიჩნია ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძის, დავით ნიორაძისა და ეკა კიკნაძის სამეცნიერო პროექტის დაბლოკვა, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ სრულად იყო დაფინანსებული.

XS
SM
MD
LG