Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!..


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მან თავის ადმინისტრაციაში განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირების გადაწყვეტილების საკითხზე გამართა.

„'ოცნებამ' თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი...

„ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი პარტია ულტიმატუმებს უყენებს ქვეყნის მთავარ პარტნიორს - აშშ-ს - რუსეთს კი არ უნდა რომ აწყენინოს.

„არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ, რომ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG