Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებით გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ. პრეზიდენტმა კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

„პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია „რუსული კანონი“ და რუსული მიმართულება, პასუხი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა...

არჩევნები მოდის ცოტა ხანში. ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, მიშას დაბრუნება - ეს ყველაფერი მითებია, რომლითაც უნდათ შეაშინონ ქართული საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა - ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ევროპული დროშით გასვლის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას.

„უნდა გავიდეთ არჩევნებზე. უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო სწორედ, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა. აქ საჭირო არის მომზადება იმისთვის, რომ ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ - რამდენიმე პარტიით, ალბათ, მაგრამ ეს არის ევროპული დროშა და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას. ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG