Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჰარდს კოლსი ბექა ოდიშარიაზე: ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია


რიჰარდს კოლსი, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
რიჰარდს კოლსი, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ამით ლატვიელი დეპუტატი გამოეხმაურა ოდიშარიას მიერ ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას საქართველოს პარლამენტის სხდომაზე.

"საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება - ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი", - წერს კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე და ამბობს, რომ ქართველი დეპუტატი ბექა ოდიშარია
პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, რომლებიც კოლეგების, ქალი დეპუტატების მისამართით თქვა: "ტექსტი - ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია",
- წერს ის და პოსტშივე მიმართავს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მისივე სიტყვებით, საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობაზე.

მანვე "რეანიმირებული ზომბი" უწოდა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირებას:

"უცხოური აგენტების" კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია".

3 აპრილს, მაშინ, როცა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მაშინ წარმოთქვა, როცა პარლამენტში სიტყვით დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ბექა ოდიშარიას ნათქვამი დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც გაიგონა და მომხდარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა: „დარბაზში ხმაურია, საკმაოდ მძიმე გადაძახილები იყო, საკმაოდ არაკაცური“.

ქალი დეპუტატები ბევრჯერ გამხდარან უმრავლესობის წევრი კაცებისგან უხამსი და სექსისტური გამონათქვამების სამიზნე.

XS
SM
MD
LG