Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაღუპულებს და დაშავებულებს შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ-ექსპერტი.

აფეთქება თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში 12:00-ისათვის მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანეს 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი კი მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG