Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „აგენტების კანონის“ კიდევ ერთ ალტერნატივას აინიციირებს


ბექა ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "საქართველოდან"
ბექა ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "საქართველოდან"

პარტია "საქართველოსთვის" "აგენტების კანონის" საპირწონედ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიციირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს".

ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას.

ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები:

  • ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში;
  • წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას;
  • წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ.

"ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა: "შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით".

ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ამ ალტერნატიულ კანონპროექტს.

პარტიამ "საქართველოსთვის" "აგენტების კანონის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG