Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს, გაამკაცროს საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე


მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა განსაკუთრებით არის დამოკიდებული უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე.
მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა განსაკუთრებით არის დამოკიდებული უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გაამკაცრონ საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე. გადაწყვეტილება ეხება, კერძოდ, ფრინველის ხორცს, კვერცხს, შვრიას, მარცვლეულს, სიმინდს, შაქარსა და თაფლს, განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა.

ევროკავშირში იმ საქონლის უბაჟოდ შეტანა, რომელზეც ვრცელდება წესები, მხოლოდ გარკვეული რაოდენობით არის შესაძლებელი. ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ საბაჟო გადასახადების გადახდა კვლავ სავალდებულოა. საუბარია იმპორტის საშუალო მოცულობაზე 2021 წლის შუიდან 2023 წლის ბოლომდე პერიოდში.

შეთანხმება ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ. წესებს 6 ივნისიდან გამოიყენებენ ერთი წლის ვადით. რამდენად იმოქმედებს ტარიფები უკრაინის ეკონომიკაზე, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირობებში თავისი პროდუქციის ახალი მყიდველების პოვნას, აღნიშნავს სააგენტო DPA.

ევროკავშირმა უკრაინული საქონელი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე გაათავისუფლა საბაჟო გადასახადისგან. ბრიუსელის მიერ შეთანხმებული ღონისძიება უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. კიევისთვის ამჟამინდელი შეღავათები ზაფხულში იწურება. თუ მანამდე ახალი დადგენილება არ დამტკიცდება, ღონისძიებას ვადა გაუგრძელდება.

სატარიფო შეღავათების გზით უკრაინის მხარდაჭერამ ბევრი ფერმერის უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ისინი აცხადებენ, რომ მათ არაპროპორციულ კონკურენციას უწევს უკრაინიდან იმპორტირებული დაბალფასიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

უკრაინა ითვლება ხორბლის მნიშვნელოვან გლობალურ მწარმოებლად. პლანეტის ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლები განსაკუთრებით დამოკიდებულნი არიან მისი მარცვლეულის იმპორტზე. რუსეთის შეჭრის გამო პრობლემები წარმოიქმნა პროდუქციის საზღვაო ექსპორტთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის. ამასთან, ხორბალზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, წერს DPA.

XS
SM
MD
LG