Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო


რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტებია.
რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტებია.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ენერგოობიექტი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური საწარმო და რამდენიმე კერძო სახლი. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი.

ენერგოობიექტზე დარტყმა იყო ნიკოლაევის ოლქშიც. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ოჩაკოვს.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 17 დრონი და ორი ფრთოსანი და ერთი ბალისტიკური რაკეტა. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 14 დრონი ჩამოაგდეს.

გამოცემა Financial Times-ი 9 აპრილს წერდა, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევის ტაქტიკა და ელექტროქვესადგურებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით ურტყამს ნაკლებად დაცულ რაიონებში, ვიდრე, მაგალითად, დედაქალაქი კიევია. გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი განადგურებული ობიექტის აღდგენა შესაძლოა, მომავალი ზამთრისთვისაც ვერ მოესწროს.

XS
SM
MD
LG