სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა არ საუბრობს გარდაცვლილის არცერთ მაიდენტიფიცირებელ გარემოებაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ცნობით, დაღუპული საქართველოს მოქალაქე 50 წლამდე ქალია. ის, სავარაუდოდ, ორმაგი მოქალაქე იყო.
"ქართული მხარისთვის ცნობილია სიდნეიში საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სავაჭრო ცენტრზე დანით თავდასხმა 13 აპრილს მოხდა და მას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დასდევს ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით სავაჭრო ცენტრის სტუმრებს.