Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილმა უარი განაცხადა ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტების განხილვის კომისიის წევრობაზე


ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე
ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიის ჩამოყალიბების დადგენილება.

თავდაპირველად, კომისიის წევრობის მსურველთა შორის იყო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე წარადგინა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. მან განაცხადა, რომ ელისაშვილმა საკუთარი კანდიდატურა გაიწვია.

ამჟამად კომისიაში 12 წევრი შევიდა, მათ შორის ოპოზიციიდან - შალვა კერესელიძე, „საქართველოსთვის“ წევრია და ფრიდონ ინჯია კი „ევროპული სოციალისტების“ წევრი.

კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიის წევრები არიან:

  • მამუკა მდინარაძე;
  • რატი იონათამაშვილი;
  • ირაკლი შატაკიშვილი;
  • მაკა ბოჭორიშვილი;
  • ანრი ოხანაშვილი;
  • დავით მათიკაშვილი;
  • სალომე ქურასბედიანი;
  • თენგიზ შარმანაშვილი;
  • სოზარ სუბარი.

კომისიის მდივანია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. მანამდე კი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია „მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით“, 30 დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულებიდან ათი დღის ვადაში კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

ამის შემდეგ პროექტების განხილვას შეუდგებიან საქართველოს პარლამენტში. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები ცვლილებებზე არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებენ.

ამას მოჰყვება პლენარულ სხდომაზე პროექტების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება. თუ პროცედურას მივყვებით, ეს ივნისში იქნება შესაძლებელი. თუმცა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერა არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატი დაადასტურებს მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით.

დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია. დეპუტატთა მაქსიმალური რაოდენობის (93 ხმა) მობილიზება მან გასული წლის მაისში შეძლო.

ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტები

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) 83 დეპუტატია.

კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციის 30-ე მუხლში წერია:

1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერთდროულად დაიწყება ორივე პროექტის განხილვა. კონსტიტუციური კანონის პროექტი კი კენჭისყრაზე მხოლოდ კონსტიტუციის 30-ე მუხლში შესწორების შეტანის შემთხვევაში დადგება.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, პროექტის თანახმად, რვა პუნქტისგან შედგება.

მუხლი 1.

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

15 აპრილს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ განხილვა დაიწყო. სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც უმრავლესობის კანონპროექტს წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. ამის შემდეგ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG