Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მეძავებს არ უნდათ, მეძავები ერქვათ” - კრემლის პროპაგანდა თბილისში მიმდინარე პროტესტზე


აქცია პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 16 აპრილი, 2024 წელი
აქცია პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 16 აპრილი, 2024 წელი

ბოლო დღეებია, კრემლის პროპაგანდისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციები საქართველოში დასავლეთის ორგანიზებულია. მათი ვერსიით, აქციების მიზანი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა, საკუთარი “აგენტების” დაცვა და “ქართული ოცნების” ჩამოგდებაა.

რაც საქართველოს პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტი დაბრუნდა, კრემლის პროპაგანდა ისევ ქართულ „ევრომაიდანზე” ალაპარაკდა.

„ქართული მაიდნის არსი ასეთია: მეძავებს არ უნდათ, რომ მეძავები ერქვათ”, - დაწერა 17 აპრილს ტელეგრამზე თითქმის სამმილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერმა, იური პოდოლიაკამ.

ამერიკასაც აქვს კანონი, რომლითაც უცხოეთის აგენტებს ამხელს. სხვებისთვის რატომ არ შეიძლება? - დაამატა მან.

“მაიდნის კლასიკით, ქუჩის [პროტესტის] ორგანიზებაში ფულია ჩასხმული”, - წერს პროკრემლისტური ტელეგრამარხი "ბრიფი".

“პროდასავლელი გამოცემები ზღვის გოჭებს ქუჩაში ყრიან მორიგი მაიდნის მოსაწყობად”, - წერს კრემლის მხარდამჭერი კიდევ ერთი არხი, სამასი ათასზე მეტი გამომწერით.

„საქართველოში ხინკლის მაიდანია”, - წერს რუსი ულტრამემარჯვენე, ვლადისლავ პოზდნიაკოვი. 2022 წლის აგვისტოში მან მოაწყო კიბერთავდასხმა თბილისურ „დედაენის ბარზე” იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბარმა „სავიზო რეჟიმი” დაუწესა.

ტრადიცია გრძელდება

უკრაინაში 2014 წელს მომხდარი მაიდანი, იგივე „ღირსების რევოლუცია”, რომელმაც პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას დაუსვა წერტილი, პროპაგანდისტების ერთ-ერთი საყვარელი საფრთხობელაა.

მათ, ვისაც კრემლი უწყვეტთ, რა თქვან და რა არა, ასეთი წესი აქვთ - თუ საქართველოში დიდ საპროტესტო აქციებს არბევენ, ამას „მაიდანს“ არქმევენ.

ასე იყო 2019 წელს, „გავრილოვის ღამის” შემდეგ, როცა რუსი დეპუტატის პარლამენტში სტუმრობამ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა.

ასე იყო შარშან მარტში, როდესაც პოლიციასთან მომიტინგეთა შეჯახებამ „ქართულ ოცნებას” ე.წ. აგენტების კანონი უკან წააღებინა.

ასე არის წელსაც. ხელისუფლებამ კანონი პარლამენტში დააბრუნა, რითაც კვლავ მრავალათასიან გამოსვლებს მისცა ბიძგი.

„გარედან” მართული აქცია

პროპაგანდა აგრძელებს კიდევ ერთ ტრადიციას. მისთვის არასასურველ საპროტესტო აქციებს იგი ყოველთვის დასავლეთიდან მართულს არქმევს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 17 აპრილს თქვა, რომ თბილისური აქციების მუხტი „უდავოდ გარედან მოდის”.

ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კი დაწერა, რომ აქციების უკან „მოჩანს ჰოლივუდის გამოცდილი და ნაცნობი ხელი”.

„ქართულ ქუჩას აშკარად გარედან ახურებენ”, - აცხადებს პოლიტიკოსი ლეონიდ სლუცკი.

ის რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი და კრემლის მიერ არჩევნებზე დაშვებული ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატია.

ამერიკულ და ევროპულ კვალზე დილიდან ლაპარაკობს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაც.

საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე

პროპაგანდის კიდევ ერთი მესიჯი ისაა, რომ „აგენტების კანონის” კრიტიკით, დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს ბღალავს.

„საქართველო ჯერ არსად არ შესულა, შესვლა არც კი დაუწყია, მაგრამ უკვე კარნახობენ, რომელი კანონები მიღოს და რომელი არა”, - წერს „ბრიფი”, ერთ-ერთი უმსხვილესი პროკრემლისტური ტელეგრამარხი.

„ბებერი კატალონიელი მანიაკის, [ჟოზეპ] ბორელის უწყებაში მიაჩნიათ, რომ ყველა თავმოყვარე ქართველი ოცნებობს ამსტერდამში უვიზოდ გაფრენაზე, სქესის შეცვლასა და ქართული დროშის დაწვაზე”, - წერს პროპაგანდისტი, სერგეი მარდანი.

ცოტა ხნის წინ მან მოუწოდა კრემლს უკრაინის „სრული განადგურებისკენ”.

საქართველოს სუვერენიტეტი აღელვებს მილიონიანი აუდიტორიის მქონე ე.წ. სამხედრო ბლოგერ სიმიონ პეგოვსაც.

„დასავლეთი კვლავ ერევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეში”, - წერს ის.

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პეგოვი იმასაც ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს საქმეებში ჩარევას არ იკმარებს და თბილისში სისხლისღვრასაც მოაწყობს.

„გვაკლია მხოლოდ მსხვერპლად შესაწირი გმირები, მაგრამ ისინი მალე გამოიძებნებიან. სცენარი დიდი ხანია შემუშავებულია”.

კრემლის საწინააღმდეგო აქციებზე დაღვრილ სისხლსაც რუსეთში ხშირად სხვებს აბრალებს. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, 2014 წელს კიევში მშვიდობიან დემონსტრანტებს ქართველი სნაიპერები ხოცავდნენ.

XS
SM
MD
LG