Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს


აქცია-მსვლელობა "არა რუსულ კანონს". 25 აპრილი, 2024 წელი
აქცია-მსვლელობა "არა რუსულ კანონს". 25 აპრილი, 2024 წელი

25 აპრილს "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება თბილისში. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც აქცია გრძელდება.

"ყველამ ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ნათლად ეწერა; თუ საქართველოში მიიღებენ ამ კანონს, ჩვენ დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ დავკარგავთ იმ ევროპულ ზგას რომლსითვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, აქ მჯდიმი ადამიანი პასუხისმგებელია ერთ ერთია ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, ამიტომ გავაგონოთ: "არა რუსულ კანონს", - ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებს.

დემონსტრანტებს კანცელარიის შენობის წინ პოლიციის კორდონი დახვდა. თითოეულ პოლიციელს სახე პირბადით აქვს დაფარული.

მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.

მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციებზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებენ.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ გაწვევას.

XS
SM
MD
LG