ჩეხეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ 2014 წელს საბრძოლო მასალების აფეთქებები სოფელ ვრბეტიცეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) თანამშრომლებმა მოაწყვეს. ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირი მაზანეკმა განაცხადა. 10 წლის წინ მომხდარი აფეთქების მიზანი იყო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თავიდან აცილება იმ ქვეყნებისთვის, პირველ რიგში - სირიისა და უკრაინისთვის, სადაც რუსეთის არმია სამხედრო ოპერაციებს ატარებდა.
თუმცა ჩეხეთის პოლიციას მოუწია საქმის დახურვა, რადგან რუსეთმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
პოლიციის ანგარიშში GRU-ს ოფიცრების ვინაობა არ არის ნახსენები, მაგრამ ადრე გამომძიებლებმა დაასახელეს ანატოლი ჩეპიგას და ალექსანდრე მიშკინის სახელები. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის დაზვერვის ეს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა 2018 წელს სოლსბერიში ყოფილი საბჭოთა დაზვერვის ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.
2014 წლის 16 ოქტომბერს ვრბეტიცეში მდებარე სამხედრო მასალების №16-ე სამხედრო საწყობში, რომელიც იარაღის კომპანია Imex Group-ს ეკუთვნოდა, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. თვე-ნახევრის შემდეგ, აფეთქების შედეგად კიდევ ერთი იარაღის საწყობი განადგურდა. ამ აფეთქებების ორგანიზებაში ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.