Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს არასამთავრობო ორგანიზაციების სამ წარმომადგენელსაც


საქართველოს პარლამენტის შენობაზე დატოვებული წარწერებით მოქალაქეები აპროტესტებენ სადავო კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველოს პარლამენტის შენობაზე დატოვებული წარწერებით მოქალაქეები აპროტესტებენ სადავო კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რამდენიმეს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება სადავო “აგენტების კანონი”.

სხდომიდან გაძევებული დეპუტატები არიან ოპოზიციური პარტიების წევრები გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, თინა ბოკუჩავა, ნიკა მაჭუტაძე, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე.

კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.

ხატია დეკანოიძის მიერ დარბაზის დატოვებას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან. დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა. მისმა ამ რეპლიკამ გამოიწვია გურამ მაჭარაშვილის პროტესტი - მან აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძე არის ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს ბოთლი ესროლა.

დეპუტატების გარდა, საკომიტეტო განხილვიდან გააძევეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ლიკა საჯაია; ნათია კუპრაშვილი, "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი და გიორგი დავითური, "ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი.

ლიკა საჯაიას დარბაზის დატოვებისას სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა "უზრდელი" უწოდა, ნათია კუპრაშვილს კი უთხრა, რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა მის კოლეგა დეპუტატებს.

"დატოვეთ დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი. ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ“, - ასე მიმართა ლიკა საჯაიას ანრი ოხანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას "ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები".

"ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს.

ანრი ოხანაშვილის მხრიდან კოლეგების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაძევების და გაჩუმების მცდელობების პარალელურად, დარბაზი საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვეს დეპუტატებმა იაგო ხვიჩიამ, პაატა მანჯგალაძემ და ანა ნაცვლიშვილმა.

„იმ პირობებში, როდესაც ჯერ კანონპროექტია, კანონიც არ არის, რა მეთოდებსაც დღეს თქვენ იყენებთ, რეპრესიულ მეთოდებს, ეს აჩვენებს, რისთვის გჭირდებათ ეს კანონი. ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული განხილვა არ არის. გაძევება არ მჭირდება. მე პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ ამ დარბაზს. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ოქმდება, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას სახელმწიფოს ღალატისთვის დასჭირდება აქ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები“,- თქვა ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვებამდე.

გარდა დარბაზიდან გაძევებისა და სიტყვის თქმის უფლების შეზღუდვისა, ანრი ოხანაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ მისცა თავიანთი პოზიციების დაფიქსირების ან მოსაზრებების გამოთქმის საშუალება - ოხანაშვილის განმარტებით, ამ სხდომაზე რეგლამენტი მხოლოდ კითხვის დასმას ითვალისწინებს.

საკომიტეტო მოსმენაზე შეზღუდულია მედიის დასწრებაც - "აგენტების კანონის" განხილვა პარლამენტში ონლაინმედიის დაშვების გარეშე მიმდინარეობს. 29 აპრილს შეიზღუდა ტელემედიის ჯგუფების დაშვებული რაოდენობაც.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“, რომლის წინააღმდეგაც 10 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

დღეს, 29 აპრილს, მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში.

XS
SM
MD
LG