Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას - USAID-ის ხელმძღვანელი


სამანთა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი
სამანთა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანთა პაუერი კატეგორიულად გმობს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას. ის შეშფოთებულია იმ შედეგებით, რომლებსაც, მისივე პროგნოზით, "აგენტების კანონი" დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქონიებს.

სამანთა პაუერის განცხადება USAID-საქართველოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რომელთაც მომავალში გაურთულდებათ საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების მიწოდება", - აცხადებს პაუერი.

USAID-ის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა გარკვევით განაცხადა, რომ ამ კანონს აქვს პოტენციალი, შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები და ძალისხმევა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

„ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 1990-იანი წლებიდან დაწყებულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს. ამ დროიდან მოყოლებული USAID-მა თითქმის 2 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს", - ამბობს პაუერი.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისა და ძალადობრივი ქმედებებისგან, ხოლო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეჩერდეს ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.

პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, დისკრედიტაცია და საქმიანობის შეზღუდვა იმ ორგანიზაციების, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი გაეწვია.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის აპრილიდან, საქართველოში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, რომელიც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოების შეფასებით, არაპროპორციული იყო. არის აქტივისტების და პოლიტიკოსების სასტიკად ცემის ფაქტებიც.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო გაურკვეველი პირების მხრიდან კანონის აქტიურ მოწინააღმდეგეებზე ქუჩებში ფიზიკურმა ძალადობამ, მათ სახლებსა და ოფისებთან შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტერების გამოკვრამ და მუქარის შემცველმა სატელეფონო ზარებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG