Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ და ასხამენ სპრეის” - გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან რვა წელი გავიდა


გიგა ოთხოზორიას დედა შვილის საფლავთან, მისი მკვლელობიდან 8 წლის თავზე
გიგა ოთხოზორიას დედა შვილის საფლავთან, მისი მკვლელობიდან 8 წლის თავზე

აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ მას შვილის ფოტოს შეხედვისაც კი რცხვენია “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო.

გიგა ოთხოზორიას დედამ განცხადება თავისი შვილის მკვლელობიდან რვა წლისთავზე, მის საფლავზე გააკეთა და თქვა, რომ სამართალდამცავები დღეს ებრძვიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს რუსეთისთვის დათმობას ეწინააღმდეგებიან:

“ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო, იმიტომ რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ. სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს! - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა". "ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის”, - დასძენს ის.

მისივე სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რვა წელი შესრულდა მისი შვილის მკვლელობიდან, დღემდე არავინ დასჯილა მისი მკვლელობისათვის.

გიგა ოთხოზორიას დედას, ჯულიეტა ჭანტურიას, სამართლის აღსრულების იმედი არც ახლა არ აქვს:

“რვა წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. გავა წლები და ალბათ, ისევ იგივე სურათი იქნება”, - ამბობს ის.

სიახლე არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან არ ისმის.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ „მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდადებული უშედეგოდ იძებნება "ინტერპოლითაც". გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა დღემდე უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ. საჩივრით მათ ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის 19 დეკემბერს გამოცხადდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG