Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო?


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი პარლამენტს უცვლელად დაუბრუნა და დაამატა მხოლოდ ერთი მუხლი, რომელშიც წერია, რომ „კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს“.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი წერს, რომ რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული "აგენტების შესახებ" კანონი იყო.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტისადმი გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ ახალ ვარიანტში „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, რაც ტერმინ „აგენტის“ განმარტებაა.

„ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ კანონი არადემოკრატიულია, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ევროპულ სტანდარტებს“.

კანონს ოფიციალური სახელით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტი უწოდებს არაკონსტიტუციურს და ჩამოთვლის მიზეზებს. მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს, „გაერთიანების თავისუფლებას“:

„კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ, გაუქმდეს“.

პრეზიდენტის შენიშვნებში ასევე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს“ - რადგან კანონი აწესებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან.

„ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება“.

სალომე ზურაბიშვილი ასევე წერს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს, „თანასწორობის უფლებას“. მისი თქმით, კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით.

ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, რადგან კანონი, წერს პრეზიდენტი, თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და რომ ის მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული.

„იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“.

ბოლოს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტს სთავაზობს კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე.

თავად კანონპროექტში დამატებულია მხოლოდ ერთი მუხლი, რომელშიც წერია, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე“.

"აგენტების კანონს" პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა:

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“.

ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG