Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენს ავარია მოუვიდა, გაურკვეველია, რა ბედია ეწია მას


ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი (მარცხნივ) და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყიზ-ხალასის კაშხალთან. 19 მაისი, 2024 წელი. შეხვედრის შემდეგ, უკანა გზაზე, ავარია შეემთხვა შვეულმფრენს, რომლითაც რაისი მგზავრობდა.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი (მარცხნივ) და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყიზ-ხალასის კაშხალთან. 19 მაისი, 2024 წელი. შეხვედრის შემდეგ, უკანა გზაზე, ავარია შეემთხვა შვეულმფრენს, რომლითაც რაისი მგზავრობდა.

გავრცელებული ცნობებით, კოლონაში ერთ-ერთი შვეულმფრენი, რომლითაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მიფრინავდა, ნისლისა და უამინდობის გამო "უხეშად დაეშვა".

ორი შვეულმფრენი მშვიდობიანად დაეშვა თავრიზში, მაგრამ მესამე, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი და ადგილობრივი ოფიციალური პირები ისხდნენ, დაკარგულია, რასაც მოჰყვა მთიან და ტყიან რეგიონში მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაწყება, რომელიც ნისლის და სიბნელის მიუხედავად გრძელდება.

ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ დაადასტურა ცნობა და დასძინა, რომ მაშველები ცდილობენ მიაღწიონ ავარიის ადგილამდე უამინდობის პირობებში.

სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ავარიის არეალში მივლინებულია ოცი სრულად აღჭურვილი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, დრონების და მაძებარი ძაღლების ჩათვლით. ამავე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დახმარების მიზნით, რეგიონში გაემართა ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილები, სპეცდანიშნულების რაზმის ჩათვლით. IRNA-ს კორესპონდენტის თანახმად, არეალში უგზოობის და უამინდობის, ძლიერი ნისლის გამო, სამძებრო-სამაშველო ოპერაციას შეიძლება დრო დასჭირდეს.

სახელმწიფო მედიას მოჰყავს ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" (IRGC) მეთაურის ნათქვამი, რომლის თანახმად, აღმოჩენილია ვერტმფრენში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის მობილური ტელეფონის სიგნალი და რომ IRGC-ის წევრები იქით მიემართებიან, საიდანაც სიგნალი მოვიდა.

რაისი სტუმრად იყო ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ავარია მოხდა დიზმარის ტყის მასივში, ვარზაღანსა და ჯულფას შორის, მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, თეირანიდან 600 კილომეტრში.

სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა, “ილოცონ რაისითვის”. ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთავარი ქალაქის, თავრიზისკენ გაემართნენ.

რაისი აზერბაიჯანთან საზღვრისპირა არეალს სტუმრობდა 19 მაისს, რათა მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გაეხსნა კაშხალი.

ალიევმა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაისის შვეულმფრენმა ვერ მოახერხა მშვიდობიანად დაჯდომა, X-ით გაავრცელა შემდეგი განცხადება: „დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ღრმად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ შვეულმფრენმა ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობით საავარიო დაჯდომა განახორციელა ირანში, - თქვა ალიევმა, - ჩვენ ვლოცულობთ ყოვლისშემძლე ალაჰის მიმართ პრეზიდენტ ებრამიჰ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და ძმური ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზად არის ყოველგვარი საჭირო დახმარების გასაწევად.“

ეს კაშხალი ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად აგებული მესამე ასეთი ნაგებობაა მდინარე არაქსზე.

სომხეთმა და ერაყმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს გავრცელებული ამბის გამო და განაცხადეს, რომ მზად არიან დახმარებისთვის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე განაცხადა, რომ მათი "ფიქრები და ლოცვები" არის რაისისთან, ამირ-აბდოლაჰიანთან და ყველა იმათთან, ვისაც შემთხვევა შეეხო.

"როცა სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, სომხეთი, როგორც ირანის ახლო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, მზად არის აღმოუჩინოს ყველა საჭირო დახმარება მას", - ნათქვამია განცხადებაში.

ირანს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა ასევე ერაყმაც, როგორც იტყობინება მთავრობის წარმომადგენელი ბასემ ალ-აუადი. პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ-სუდანიმ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყის წითელ ნახევარმთვარეს და სხვა შესაბამის უწყებებს, "ირანის ისლამურ რესპუბლიკას შესთავაზონ ხელმისაწვდომი რესურსები ირანის პრეზიდენტის თუ შვეულმფრენის ძებნაში დასახმარებლად", - ნათქვამია ალ-აუადის განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მღელვარებით ადევნებს თვალყურს ირანის ამბებს. "გენერალური მდივანი მღელვარებით ადევნებს თვალყურს ცნობებს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის შვეულმფრენის ინციდენტის შესახებ. ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უსაფრთხოდ არიან".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რადიო თავისუფლების თხოვნის საპასუხოდ, გაეკეთებინა კომენტარი, განაცხადა, რომ "ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცნობებს შვეულმფრენის - რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ - შესაძლო უხეში დაჯდომის შესახებ ირანში. ამ დროისთვის დამატებითი კომენტარი არ გვაქვს."

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცნობებს ინციდენტის შესახებ გამოეხმაურა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ცნობებს იმის შესახებ, რომ შვეულმფრენი, რომელშიც ისხდნენ ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, - განაცხადა მიშელმა, - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას."

63 წლის რაისი არის მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსი, რომელმაც 2021 წელს მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ადრე სასამართლო უწყებას განაგებდა. ითვლება, რომ მას ირანის უზენაესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი მფარველობს.

რაისის აშშ-მა სანქციები დაუწესა სხვათა შორის იმის გამო, რომ 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა ერაყ-ირანის სისხლისმღვრელი ომის ბოლოს.

ზოგიერთ ცნობაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სანქციების გამო ირანს უჭირს სათადარიგო ნაწილების მიღება შვეულმფრენების მოძველებული პარკისთვის.

ირანის კანონმდებლობით, პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში, ხელისუფლება ვიცე-პრეზიდენტს გადაეცემა. ამის შემდეგ საბჭომ, რომელშიც შედიან ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 50 დღის განმავალობაში უნდა დანიშნოს. ახლა ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG