Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ქართული ოცნება“ ტყუილში დაადანაშაულა


გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ე.წ. აგენტების კანონზე დადებული ვეტოს შესახებ ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. მან „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - თქვა მსხილაძემ. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომლებიც ირღვევა ამ კანონით და განმარტებულია, რატომაა კანონი რუსული. პრეზიდენტისთვის ასევე დაუშვებელია პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების ფორმები.

მსხილაძემ განმარტა პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში შეტანილი შესწორება.

„რაც შეეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ ის ერთი დღით ამოქმედდეს, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ის გაუქმდეს: კანონი თუ არ ამოქმედდა, მისი გაუქმება შეუძლებელია“, - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ვეტო დაადო. ვეტოს ფარგლებში მან კანონპროექტში მხოლოდ ერთი მუხლი შეცვალა. მან დაწერა: „კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“

ამონარიდი პრეზიდენტის ვეტოდან
ამონარიდი პრეზიდენტის ვეტოდან

შენიშვნებში კი პრეზიდენტი წერს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული „აგენტების შესახებ“ კანონი იყო.

კანონს, ოფიციალური სახელით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პრეზიდენტი უწოდებს არაკონსტიტუციურს.

კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზეა საჭირო ხმის მიცემა (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). ამის შემდეგ პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს კანონპროექტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

სამივე მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG