Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა პრეზიდენტ რაისის „სასტიკი მკვლელი“ უწოდა


ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 19 მაისს დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 19 მაისს დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

ირანის ბოლო შაჰის უფროსმა ვაჟმა, სამშობლოდან დევნილმა ტახტის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფეჰლევიმ „სასტიკი მასობრივი მკვლელი“ უწოდა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის და განაცხადა, რომ ის თანაგრძნობას და სამძიმარს არ იმსახურებს.

რაისი 19 მაისს დაიღუპა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

რეზა ფეჰლევიმ, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, განცხადება 20 მაისს ღამით სოციალური ქსელებით გაავრცელა. ფეჰლევი მიიჩნევს, რომ თანაგრძნობა შეურაცხყოფს რაისის მსხვერპლთა ხსოვნას და ირანელ ხალხს და სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ რაისიმ ვერ იცოცხლა ისლამური რესპუბლიკის დაცემამდე და ვერ წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, რომლის უფლებაც უამრავ უდანაშაულო ადამიანს წაართვა.

რეზა ფეჰლევის განცხადებით, ებრაჰიმ რაისის სიკვდილი არ შეცვლის ირანის ისლამური რესპუბლიკის და მისი დიქტატორის, ალი ხამენეის კურსს და პოლიტიკას და რეჟიმი გააგრძელებს რეპრესიებს ქვეყნის შიგნით და აგრესიას საზღვრებს გარეთ.

ირანის ყოფილი ტახტის მემკვიდრე პრინცი წერს, რომ არც ირანელებმა არ უნდა შეცვალონ თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლის კურსი. ფეჰლევის განცხადებით, ირანელი ხალხი იმსახურებს თავისი ლიდერების თავისუფლად და სამართლიანად არჩევის უფლებას.

ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის 38-წლიანი მმართველობა 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო. დევნილი შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა.

საარქივო ფოტო. ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი თეირანში მასპინძლობს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს. 1961 წლის 2 მარტი
საარქივო ფოტო. ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი თეირანში მასპინძლობს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს. 1961 წლის 2 მარტი

ირანის შაჰს პროდასავლური პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით მართავდა.

ამასთან, მონარქის მიერ ოპონენტების დევნა შეუდარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებიც ისლამური რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო. ამ პროცესის აქტიური მონაწილე იყო ებრაჰიმ რაისი, რომელსაც „თეირანის ჯალათად" მოიხსენიებენ 1988 წელს პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ ვერტმფრენში, რომელიც 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში. ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათთან ერთად მყოფთა სიკვდილი 20 მაისს დაადასტურა.

დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.

ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის წინასწარ მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე 20 მაისს მიაღწიეს.

  • მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.
  • ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს ირანის მოსახლეობაში მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების და ადამიანის, განსაკუთრებით ქალების უფლებების უხეშად დარღვევის გამო.
  • რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.

ებრაჰიმ რაისის 23 მაისს დაკრძალავენ. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი.

ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერია 85 წლის აიათოლა ალი ხამენეი. ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG