Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი მერაბ ქვარაია: ოჯახის სანქცირება სწორია?! სამართლიანია?!


მერაბ ქვარაია, დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნების" წევრი
მერაბ ქვარაია, დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნების" წევრი

მმართველი პარტიის დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელიც ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „აგენტების კანონს“, უსამართლო ჰგონია თავისი ამ გადაწყვეტილების გამო სანქციების დაკისრება ოჯახის წევრებისთვის. ასე უპასუხა მან „TV პირველის“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის მიერ იმ პირთა შესაძლო სანქცირებას, რომლებიც საქართველოში „დემოკრატიას ძირს უთხრიან“.

„ეგ სამართლიანია?! როგორ გგონიათ, რომ ოჯახის წევრები დაუსანქცირო კანონმდებელს იმის გამო, რომ კანონი მიიღო?!. კითხვა დაგისვით, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორია?! სამართლიანია?! მე გაგეცით უკვე პასუხი“, - თქვა მერაბ ქვარაიამ.

მისი კოლეგა, თანაპარტიელი ირმა ზავრადაშვილი კი ამბობს, რომ მზად არის, მას და მისი ოჯახის წევრებს აშშ-დან სანქციები დაუწესდეთ.

„მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც... მშვიდად იყავით, ძალიან ბევრი მოსაზრება, რომელიც მოსაზრებად გამოთქვით, დარჩა მოსაზრებად. დამშვიდდით, საქართველო გაიმარჯვებს“, - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის ეზოში.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG