Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International: მთელ მსოფლიოში იზრდება სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის რაოდენობა


საპროტესტო გამოსვლა ირანში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ბრიუსელი, 10 ოქტომბერი, 2019.
საპროტესტო გამოსვლა ირანში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ბრიუსელი, 10 ოქტომბერი, 2019.

მთელ მსოფლიოში იზრდება სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის რაოდენობა. შარშან მან უმაღლეს დონეს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მთლიანობაში, უფლებადამცველებმა 2023 წელს მსოფლიოში 1153 სიკვდილით დასჯა დააფიქსირეს. ეს თითქმის 30%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საერთო რიცხვში არ შედის სიკვდილით დასჯა ჩინეთში, რადგან ჩინეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს სიკვდილით დასჯის შესახებ სტატისტიკას. მათი რიცხვი რამდენიმე ათასად არის შეფასებული, რაც სიკვდილით დასჯილთა რაოდენობით ჩინეთს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს.

1153 სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ის რამდენიმე ასეულით მეტი იყო. 2023 წელს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა 2428-ს შეადგენს.

Amnesty International-ი აღნიშნავს სიკვდილით დასჯის მკვეთრ ზრდას ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანში. იქ სისრულეში მოიყვანეს 853 სასიკვდილო განაჩენი. „ირანის ხელისუფლება ავლენს ადამიანის სიცოცხლის სრულ უგულებელყოფას“, - ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში. აღნიშნულია, რომ სიკვდილით სჯიან, კერძოდ, ნარკოდანაშაულის გამო.

უფლებადამცველების თქმით, ადამიანებს ყველაზე ხშირად სჯიან სიკვდილით ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, სომალისა და შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში წლის განმავლობაში 24 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 2022 წელს სიკვდილით დასაჯეს 18 მსჯავრდადებული.

შარშან სულ 16-მა ქვეყანამ აღასრულა სიკვდილით დასჯა, რაც ყველაზე დაბალია 2015 წლის შემდეგ, როდესაც Amnesty-მ თავისი ანგარიშების გამოცემა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შარშან ბელარუსში არცერთი სიკვდილით დასჯა არ განხორციელებულა.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ახლა კანონით გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, მათ შორის, რუსეთში მოქმედებს მორატორიუმი. ზოგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ჩვეულებრივ კრემლს უჭერს მხარს, პერიოდულად ემხრობა რუსეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმის გაუქმებას. ამ თემაზე მორიგი დისკუსია დაიწყო მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ. კრემლს მაშინ პირდაპირ არ მიუთითებია მორატორიუმის გაუქმებისადმი თავის დამოკიდებულებაზე.

Amnesty International-ის დასკვნა ეხება კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებს და არა სასამართლოს გარეშე მკვლელობებს, რომლებიც, სხვათა შორის, მოხდა უკრაინის ომის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG