Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგენტურის კანონის ცვლილებები


ავტორი: ესმა გუმბერიძე

უცხო გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონში მე-3 მოსმენის წინ სერიოზული რაღაცები ჩაუმატებიათ. პირველ რიგში ის, რომ 2023 წლის მდგომარეობით ვისაც ექნება დაფინანსება, ისინი უნდა დარეგისტრირდნენ წელსვე. ანუ არჩევნებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე დაიწყება დევნა და მოკვლევები. 2. უცხო ძალად ახალი განსაზღვრებით ჩაითვლება დაფინანსების დაუდგენელი წყაროც. ანუ რასაც რამდენიმე დღის წინ ვწერდი, ოფშორიდან რომ ჩაურიცხონ ვიღაცას ფული, თუ დროზე არ დააბრუნა, შეიძლება, იმ ორგანიზაციას მისი წარმოშობის წყარო მოთხოვონ და დასაბუთება, საიდანაა ფული. 3. დაემატა, რომ ყველა პირმა უნდა მიაწოდოს აგენტობის კანდიდატი ორგანიზაციის, მისი პროექტების, დასაქმებულების, წევრებისა და ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია, ვისაც მოთხოვენ, მათ შორის ფიზიკურმა პირებმაც, ასე გამოდის. თუ არ მიაწვდის, დაჯარიმდება 5 ათასი ლარით. თორემ მე მეგონა, რომ ინდივიდებზეც აპირებენ აგენტების რეესტრის შექმნას. ჯერჯერობით, არა. საკანონმდებლო პროცესის თვალსაზრისით წარმოუდგენელი იქნებოდა. მე-3 მოსმენა ხომ ტექნიკური ჩასწორებებისთვისაა. ინდივიდებზე აგენტურის რეესტრის შექმნა კი დეტალურ მოწესრიგებას საჭიროებს. პირველ რიგში რუსული კანონის დღევანდელი რედაქციით უცხო ძალად ითვლება როგორც უცხოეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე/შემომწირველი. და თუ დაფინანსების მიმღებ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა შორის კანონი მოიაზრებს ინდივიდებსაც ქართული მხრიდან, გამოდის, რომ თითქმის ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი იქნება, რადგან საქართველო ცხოვრობს უცხოეთიდან შემოსული ფულით. ემიგრანტი ოჯახის წევრების გამოგზავნილით. რას გაიგებს ამით საქართველოს ხელისუფლება ახალს, რომ ქვეყანა თვითკმარი არაა და არანაირ დოვლათს არ ქმნის? ჩვენ რუსეთი ხომ არ ვართ, სადაც ათობით მილიონი ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ უცხოეთიდან ფული არ შესდით და არც არავინ ყავთ საზღვარგარეთ. მაგრამ რაც შევიდა ცვლილება, არანაკლებ საშიშია. 4. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, პერს.მონაცემები საჯაროდ არ უნდა გამოქვეყნდეს. უბრალოდ სახელმწიფომ მოკვლევის ჩატარება თუ გადაწყვიტა, მას აქვს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოკვლევის უფლება. ასეთებში შედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, სქესობრივი ცხოვრება და გენეტიკური ინფორმაცია. რატომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ ვიღაცის პირადი ცხოვრების დეტალები? თან, წარმოიდგინეთ, კერძო პირებს ექნებათ სხვების შესახებ ამგვარი ინფორმაციის გამხელის ვალდებულება. აი მაგალითად, ვესწრები რომელიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს. მოდის იუსტიციის სამინისტრო და მეკითხება სხვა მონაწილეების ამბებს. ანუ მაჭორავებს, ვის რა დიაგნოზი აქვს, მაგალითად. თუ ვეუბნები, რომ არ ვიცი, არ მიკითხავს ან დამავიწყდა, შეიძლება, დამაჯარიმონ. ვისზე იქნება მტკიცების ტვირთი, რომ მე ის ინფორმაცია მაქვს? სხვათა შორის ეს არცერთ სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით არ ხდება. მაგალითად ავტობუსის მგზავრობის ფული თუ არ გადავიხადე, კონტროლიორმა თუ არ გამომიჭირა, მას არ აქვს უფლება, გამვლელებს მოთხოვოს, უპასუხონ, გადავიხადე მე თუ არა და პასუხზე უარის შემთხვევაშიც არ აქვთ დაჯარიმების უფლება. ეს დამატება ემსახურება აქტივისტებს შორის უნდობლობის გაღვივებასა და ენჯეოების დისკრედიტაციას. აი მაგალითად, ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ორგანიზაციას საფრთხე რომ არ შეუქმნას, რომ თქვას, რომ არ იცის მისი დამფინანსებლები ვინ არიან, არასამთავრობოს არადემოკრატიულობასა და გაუმჭვირვალებაში დაადანაშაულებენ. რომ, აქაოდა, გამგეობის წევრებსაც არ აგებინებენ, ორგანიზაციაში რა ხდება. თან, იუსტიციის სამინისტროს წლებია, შშმ ქალები ვთხოვთ, აწარმოონ უძრავი ქონების მესაკუთრეთა სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ქვეყანაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გარეშე შშმ ქალები შშმ კაცებთან შედარებით ოჯახებში ნაკლებად განიხილებიან მემკვიდრეებად და ქონებაზეც ნაკლები წვდომა აქვთ. ამის გადასამოწმებლად და შესაბამისი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დასაგეგმად გვჭირდება ინფორმაცია ჩვენც და სახელმწიფოსაც, რათა შშმ ქალთა ქონებრივი უფლებები დაიცვას. ამაზე იუსტიციის სამინისტრო უარს გვეუბნება პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით. რომ აი რთული იქნება ამ მონაცემთა აღრიცხვა კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირების გარეშე, ანონიმურად. "სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევას. კვლევის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის შეგროვება. მიმდინარე ეტაპზე, შესწავლილია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 31-ე მუხლი და ევროკავშირის ქვეყნების (ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, შვედეთი) სარეგისტრაციო პრაქტიკა. გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები არ მუშავდება.ამასთან, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოებისას, მესაკუთრის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით, სააგენტომ მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში წერილის რეგისტრაციის N11460/17, 16.01.2024) მოსაზრებით, „მნიშვნელოვანია განისაზღვროს უძრავ ნივთებზე მესაკუთრის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები დამუშავდება თუ არა დეპერსონალიზებული სახით. აღნიშნული, საჭიროა, იმდენად, რამდენადაც, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის დამუშავებისას არ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირება შესაძლებელი, განსახილველ შემთხვევაზე არ გავრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება“. სხვა შემთხვევაში, საჭიროა განისაზღვროს მონაცემების დამუშავების კონკრეტული, მკაფიო, კანონიერი მიზნები და მათ მისაღწევად საჭირო მონაცემების მინიმალური და ადეკვატური მოცულობა. ამასთან, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობის მიზნები. ზემოაღნიშნული კვლევის შესახებ ანგარიში შემუშავების ეტაპზეა. სეგრეგირებული სტატისტიკის შეგროვების მიზანშეწონილობა შეფასდება და განისაზღვრება კვლევის შედეგების გათვალისწინებით". აი წარმოიდგინეთ, ამ საკითხში ასე უფრთხილდებიან პერსონალურ მონაცემებს და რუსული კანონის აღსასრულებლად არ ერიდებიან პერსონალურ მონაცემთა უარყოფას?! ან, მაგალითად, ადამიანების სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას რომ გაიგებს სახელმწიფო მესამე პირების მონაყოლით, ვინც დაჯარიმების შიშით იტყვიან ან სიმართლეს ან ტყუილს. მერე რა, გადამოწმებასაც დაიწყებენ? ან ორიენტაცია რითი უნდა შეამოწმონ ვიღაცის, მასობრივ გაუპატიურებებს დაიწყებენ?

რუსეთში მიღებული აგენტურის კანონით აგენტის სტატუსის მატარებელს ეკრძალება სახელმწიფო უწყებებთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოებში წევრობა. ვიცოდეთ, რა გველის, რაღაც თუ არ შეიცვალა. სხვათა შორის ის ხალხი, ჩიპიზაციისა რომ ეშინია, ასევე უნდა აპროტესტებდეს ამ კანონს, რადგან ის სახელმწიფოს მიერ ტოტალური კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან საშიში პროცესები ვითარდება მსოფლიოში, როცა დიქტატორული რეჟიმები, მე-20 საუკუნის მსგავსად ცდილობენ დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას, განსხვავებულად მოაზროვნეთა გამოდევნას თავიანთი რიგებიდან. ეს ხალხიც გარბის დემოკრატიის შემორჩენილ კუნძულებზე. აქამდე ბევრი ბანაკი თუ არსებობდა, იდეოლოგიების სპექტრი, დიქტატორები აკრისტალიზებენ მსოფლიოს 2 დაპირისპირებულ ბანაკად. ესაა, სხვათა შორის, რაც კლავს ეროვნულ კულტურებს, ტვინების გადინება, რასაც საქართველოში დემოგრაფიული კრიზისის დამძიმება მოყვება. პ.ს როდის იქით გახდა რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ასე ძვირფასი და ახლობელი? პ.პ.ს ამერიკაში ერთერთ უნივერსიტეტში მას შემდეგ შეწყვიტეს საპროტესტო აქცია, რაც მოპროტესტე სტუდენტებმა იმპროვიზირებულ სასამართლო პროცესზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თავის მოკვეთა მიუსაჯეს, ჩვენთან კი პროტესტები მშვიდობიანზე მშვიდობიანია, ძალოვნები აქეთ ლამის ხოცავენ ხალხს.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG