Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივად იშლება ონლაინგამოცემა "მთის ამბების" და სხვა მომხმარებლების პოსტები ფეისბუკიდან

წაშლილი პოსტების შესახებ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები
წაშლილი პოსტების შესახებ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები

ფეისბუკზე მასობრივად იშლება კონტენტი, რომელიც შოვის ტრაგედიას ან ხელისუფლებისთვის სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უკავშირდება. სავარაუდოდ, კოორდინირებული შეტევის ობიექტია ონლაინგამოცემა „მთის ამბები“, რომელმაც 15 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას“, - ეს განცხადება გამოცემამ 12 საათსა და 5 წუთზე გაავრცელა.

„მთის ამბების“ გაზიარებული პოსტები იშლება არა მხოლოდ გამოცემის ოფიციალური გვერდიდან, არამედ იმ მომხმარებლების პირადი გვერდებიდანაც, ვისაც ეს მასალები ჰქონდა გაზიარებული. შეუძლებელია გვერდის მონიშვნაც ("დათაგვა");

გვერდის მონიშვნის პრობლემა აქვს მომხმარებლის პორტალსაც, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტების დაცულობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია - ეს პროექტი საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მასალები იშლება რადიო „კომერსანტის“ გვერდიდანაც.

შოვთან დაკავშირებული პირადი პოსტებიც და „მთის ამბებისგან“ გაზიარებული მასალებიც წაეშალა სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედას, ია მერებაშვილს.

მომხმარებლების მიერ ფეისბუკზევე გაზიარებული შეტყობინებებიდან, რომლებიც მათ პოსტების წაშლის შესახებ მიიღეს, ჩანს, რომ სამიზნე არა მხოლოდ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული კონტენტი, არამედ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკაც იყო.

ეს პოსტი ჟურნალისტ ანა ვაშაგაშვილს ეკუთვნოდა, რომლის წაშლის შეტყობინებაც მან 15 ივნისს მიიღო.
ეს პოსტი ჟურნალისტ ანა ვაშაგაშვილს ეკუთვნოდა, რომლის წაშლის შეტყობინებაც მან 15 ივნისს მიიღო.

მასალის წაშლის მიზეზად რის შემთხვევებში დასახელებულია „კიბერუსაფრთხოება“.

ეს შეტყობინებები 15 ივნისს ნანა მალაშხიამ მიიღო, საჯარო მოხელემ, რომელიც საზოგადოებამ 2023 წლის მარტში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ევროკავშირის დროშით წყლის ჭავლის წინ მდგომი გაიცნო
ეს შეტყობინებები 15 ივნისს ნანა მალაშხიამ მიიღო, საჯარო მოხელემ, რომელიც საზოგადოებამ 2023 წლის მარტში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ევროკავშირის დროშით წყლის ჭავლის წინ მდგომი გაიცნო

კონტენტის წაშლის მიზეზი შესაძლოა იყოს მასშტაბური დარეპორტების კამპანია ან სისტემური ხარვეზი, რომელიც თავად ქსელს შეიძლება ჰქონდეს. წაშლილი პოსტების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შესაძლოა გასაჩივრება ფეისბუკის ადმინისტრაციასთან და მოთხოვნა, კვლავ ხილული იყოს კონტენტი, რომელიც სოციალური ქსელის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ წაშლილია არა მხოლოდ მისი ორგანიზაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, არამედ ჯგუფებიდან ისეთი პოსტებიც, სადაც ორგანიზაციის სახელი ჩანდა.

„გუშინ 60-მდე პოსტი წაგვიშალეს, შიდა ჯგუფებშიც კი, სადაც ორგანიზაციის სახელი ფიგურირებს. ჩვენს საიტსაც ვერ ვაზიარებთ უკვე ფეისბუქზე, საერთოდ“, - წერს იგი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის ინფორმაციის წაშლა მასობრივ წაშლამდე ერთი დღით ადრე, 14 ივნისს დაიწყო.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის ინფორმაციის წაშლა მასობრივ წაშლამდე ერთი დღით ადრე, 14 ივნისს დაიწყო.

გამოცემა „მთის ამბები“ არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე. შოვის ტრაგედიის შესახებ მომზადებული გამოძიების ევროკავშირის მედიაკონკურსში მონაწილეობის გამო განმარტებები მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ამ გამოცემის დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი იყო „აგენტების კანონის“ მიღების პარალელურად წარმოებული სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი სამიზნეც - ამ კამპანიის ფარგლებში აქტივისტებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პროტესტში ჩართულ ადამიანებს ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან და ემუქრებოდნენ, უღებავდნენ სახლისა და ოფისის ფასადებს, ავტომობილებს და ხვდებოდნენ ქუჩაში ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. გელა მთივლიშვილის სახლთან და ოფისთან გასულ თვეში არაერთხელ გამოჩნდა წითელი საღებავით შესრულებული უცენზურო სიტყვები და ჰომოფობიური ტერმინები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG