Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდიან


სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და კონგრესმენი მაიკ ტერნერი
სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და კონგრესმენი მაიკ ტერნერი

ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს, 9 აგვისტოს ჩამოდიან. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო და ხაზს უსვამს, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. სენატორი და კონგრესმენი ასევე გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, - აღნიშნავს საელჩო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს დღეს შეხვდება.

ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა.

1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, შტატები კვლავ აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG