Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დესაკრალიზებული საზღვრიდან „საკმევლის ფარდამდე“


ლაშა ოთხმეზური
ლაშა ოთხმეზური

ვინც მოსკოვში ყოფილა და მეტროთი უმგზავრია, ალბათ უნახავს რევოლუციის მოედნის სადგურზე მატვეი მანიზერის მიერ 1938 წელს შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკებების ანსამბლი. სტალინისტური არქიტექტურის ამ თვალსაჩინო ადგილას 76 ქანდაკება არის დამონტაჟებული.

ამ ქანდაკებებს შორის ერთადერთია, რომელიც ყოველდღე ათიათასობით მგზავრის ყურადღებას იპყრობს. ესაა მესაზღვრე ჯარისკაცი თავისი ძაღლით. თუმცა ყურადღების მიპყრობა რბილი ნათქვამია: ათწლეულებია, რაც სადგურში მოხვედრისას ყველა მგზავრი ცდილობს მესაზღვრის ძაღლის დრუნჩს ხელით მოეფეროს - ტრადიციის მიხედვით, ეს ბედნიერების მომტანია! სხვათა შორის, ამ ფერებ-ფერებისგან ძაღლის დრუნჩს მთლიანად შეეცვალა ფერი.

"იღბლის მომტანი" ძაღლი მოსკოვის მეტროში. 14 აგვისტო, 2013.
"იღბლის მომტანი" ძაღლი მოსკოვის მეტროში. 14 აგვისტო, 2013.

გინახავთ სხვა ქვეყანა, სადაც მესაზღვრეებს - და მათ ძაღლებს - ასე სცემდნენ თაყვანს? ან მოგიკრავთ ყური მხარეზე, სადაც ცრურწმენა ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, ორიგინალურ ფორმებს იღებს? სავარაუდოდ, ამ ცრურწმენის საფუძველი უნდა ვეძებოთ იმ შიზოფრენიულ დამოკიდებულებაში, რომელიც რუსეთის მმართველებს აქვთ და ჰქონდათ საკუთარი საზღვრების მიმართ. დიახ, შიზოფრენიული, რადგან რუსეთი, რომანოვებიდან დაწყებული და პუტინით დამთავრებული, აცხადებდა და აცხადებს, რომ, ერთის მხრივ, მისი საზღვრები საკრალურია და, ამასთან ერთად, მის მეზობელ ქვეყნებს საზღვრები არა აქვთ, რადგან თვით რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რიგითი მოსკოველის შოკი კურსკის ოლქში უკრაინელების რეიდის შემდეგ, როცა აღმოაჩინა, რომ არც მეტროს სადგურის მესაზღვრის ძაღლის ფერებას და არც კრემლის პატრონის იმედად ყოფნას, არ მოაქვს უსაფრთხოება.

და მართლაც, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინამ შეძლო ორმაგი დარტყმა მიეყენებინა რუსეთის საზღვრის საკრალური იდეისათვის, ერთის მხრივ - კურსკის ოლქში შეჭრით, და მეორე მხრივ - „საკმევლის ფარდის“ ჩამოშვებით. „საკმევლის ფარდაში“ ვგულისხმობ ვერხოვნა რადის მიერ კანონის მიღებას, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული ეკლესიის აკრძალვის უფლებას იძლევა. ამრიგად, უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ თუ ეს უკანასკნელი ირჯება „რკინის ფარდების“ ჩამოშვებაში, კიევს შეუძლია მათ „საკმევლის ფარდა“ დაუპირისპიროს. სხვათა შორის, ამ „საკმევლის ფარდამ“ გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს კრემლის კოლონიალურ მისწრაფებებს, ვიდრე გენერალ ოლექსანდრ სირსკის ჯარების მიერ რუსულ ქალაქ სუჯის აღებამ.

უკრაინის ბევრმა გულშემატკივარმა შეიძლება შეცდომად ჩათვალოს რადის მიერ ამ კანონის მიღება, მაგრამ გავიხსენოთ, თუ რა როლი უკავია მართლმადიდებელ ეკლესიას ევროპის თანამედროვე ნეოკოლონიალურ ომებში: განა პეჩის საპატრიარქო არ იყო საფუძველი ან საბაბი მილოშევიჩის იმპერიალისტური ომისა კოსოვოელების წინააღმდეგ? და ხომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაუკავშირა პუტინმა კიევის თავად ვლადიმირის გაქრისტიანება საკუთარ იმპერიალისტურ გეგმებს?

სხვათა შორის, მართლმადიდებელი დროშის ქვეშ იმპერიალისტური ომის წარმოება არც მილოშევიჩის და არც პუტინის გამოგონილი არ არის. „მე ჭურვებით სავსე მატარებლებს ველოდები, ისინი კი მღვდლებით სავსე მატარებლებს მიგზავნიან, - ასე შესჩიოდა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის ჯარების მთავარსარდალი ნიკოლოზ რომანოვი (ნიკოლოზ მეორის ბიძა) საფრანგეთის ელჩს აღმოსავლეთ გალიციაში (დღევანდელი დასავლეთ უკრაინის ტერიტორია, რომელიც ძირითადად უნიატებით იყო დასახლებული) ბრძოლების დროს. ანალოგიურად მოიქცევა სტალინი იმავე გალიციის ტერიტორიაზე, რომელსაც პოლონეთს წაართმევს მეორე მსოფლიო ომის დროს.

მაშინ როცა კრემლის მარჯვენა ხელი სამხედროების, ხოლო მარცხენა ანაფორიანების საშუალებით ანგრევს მეზობელი ქვეყნების სახელმწიფოებრიობას, მაშინ როცა უკრაინა საკუთარი თავის დასაცავად „საკმევლის კედლებს“ აგებს, უცნაურია, რომ საქართველოს საპატრიარქო თვალების დახუჭვით შემოიფარგლება. აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ქართული „საკმევლის კედლის“ აღმართვაზე. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოსგან თვალის გარიდება და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველისკენ მზერის მიმართვა ნამდვილად არავის ავნებდა. მოსკოვიდან კონსტანტინოპოლისკენ „მზერის ამ კორექციით“ საქართველოს საპატრიარქო ხომ სულიერად, - გეოპოლიტიკურ სიკეთეზე რომ აღარაფერი ვთქვათ - ბევრს მოიგებდა?! ვინაიდან არ მგონია, დღეს მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა შორის ბევრი მოიძებნებოდეს ისეთი დიდი რწმენისა და მდიდარი კულტურის ადამიანი, ისეთი ჭეშმარიტი ქრისტიანი, როგორიც ბართლომე პირველია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG