Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბათუმელების“ დირექტორს ბრალდება წარუდგინეს


„ბათუმელების“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბრალდება წარუდგინეს.
„ბათუმელების“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბრალდება წარუდგინეს.

გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, - რაც ამაღლობელს წარედგინა, - ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი ბათუმში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

„ბათუმელების“ განცხადების თანახმად, პლაკატზე ეწერა „იფიცება საქართველო“ და „წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ“.

მოგვიანებით მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით.

„ბათუმელების“ განცხადებითვე, დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან.

„სანამ დაცვის მხარე დეტალებზე არ საუბრობს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ ამაღლობელი სილას არტყამს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ... და აწვებიან მხრებზე“, - აცხადებს "ბათუმელები".

12 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯაბა ქამაძის თქმით, ამაღლობელმა უფლებების დარღვევის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მზია ამაღლობელთან ერთად დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG